საქართველოში ეპიდვითარება თანდათან მძიმდება. ეპიდემიოლოგები რეკომენდაციების დაცვისკენ მოგვიწოდებენ.
განსაკუთრებით აღნიშნავენ იმ საფრთხეზე, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ადამიანთა დიდ თავყრილობებსა და მობილობას.
სწორედ ამიტომ საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს დიდ ქალაქებში, როგორიცაა: თბილისი, რუსთავი, თელავი, გორი, ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი და ფოთი სწავლა სრულად დისტანციურ რეჟიმში გადავიდეს.
გაზაფხულზე სკოლებმა დისტანციური სწავლების გამოცდილება მიიღეს და ეს მათთვის ახალი არაა. თუმცა, ამ კუთხით ბევრმა პრობლემამ იჩინა თავი. ჩვენ დავუკავშირდით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი იმ სკოლების დირექტორებს, სადაც საარჩევნო უბნები იყო გახსნილი და ერთი კვირის განმავლობაში სწავლა დისტანციურად მიმდინარეობდა.
სკოლის დირექტორები აღნიშნავენ, რომ დისტანციურად სწავლება სრულფასოვანი არ არის. ბევრ მოსწავლეს ინტერნეტსა და ტექნიკაზე ხელიბარ მიუწვდება. ისინი იმედოვნებენ, რომ სწავლა კვლავ სკოლებში გაგრძელდება. ამისათვის კი დადგენილ რეკომენდაციებსბმაქსიმალურად იცავენ.
„დისტანციურ სწავლებაზე ერთი კვირა ვიყავით. ონლაინსწავლებისთვის გაკვეთილების ახალი ცხრილები შევადგინეთ. მოსწავლეებს დღეში სამი გაკვეთილი უტარდებოდათ. ყველა ბავშვს არ აქვს იმის საშუალება, რომ გაკვეთილებს დისტანციურად დაესწროს, – ამბობს ვაშლევის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთინო ლურსმანაშვილი, – ძალიან ვიწვალეთ. თქვეს სოფელში ინტერნეტს შემოვიყვანთო, მაგრამ არ ვიცი, ეს როდის მოხდება. ოჯახებს ინტერნეტის თანხის გადახდა უჭირთ. ძირითად პრობლემად სწორედ ამას ასახელებენ“.
ანალოგიურ ვითარებაშია ხევის საჯარო სკოლაც. ამ სკოლის დირექტორი მერი ხადილაშვილი აღნიშნავს, რომ არსებული სოციალური ფონი დისტანციური სწავლების შემაფერხებელი ფაქტორია.
„ოჯახებს ტექნიკის შეძენის საშუალება არ აქვთ. ზოგს ინტერნეტის ჩართვის ფინანსური შესაძლებლობაც არ აქვს. ზოგიერთ ოჯახში კი რამდენიმე მოსწავლეა და მხოლოდ ერთი კომპიუტერი, ან ტელეფონი აქვთ. გაზაფხულზე დისტანციური სწავლების დიდი გამოცდილება დავაგროვეთ. თუ მოსწავლე teams-ში შემოსვლას ვერ ახერხებს, ტელეფონებით ვუკავშირდებით ინდივიდუალურად“, – ამბობს მერი ხადილაშვილი.
„სოფელში სტუმრად მყოფ ერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ადგილობრივი არაა, თუმცა მას კონტაქტი ჰქონდა ადგილობრივ მაცხოვრებლებთან. ამის გამო მასწავლებელთა და მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი სკოლაში ვერ მოვიდა.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან და ხარაგაულის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურთან კონსულტაციით, 13 ნოემბრამდე დისტანციურ სწავლებაზე ვართ, – ამბობს ზვარეს სკოლის დირექტორი ნატო შათირიშვილი, – დისტანციური სწავლის პროცესში ჩართვას ყველა მოსწავლე ვერ ახერხებს. რამდენიმე მასწავლებელსაც არ აქვს კომპიუტერი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ, რომ ვთქვა, ყველაფერი კარგად არის-თქო, არაა სიმართლე“.
„მოგატყუებთ, რომ ვთქვა, მოლითის სკოლაში დისტანციურად სწავლების ხარისხი სრულფასოვანი იქნება-თქო, – მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა მოსწავლეს დავუკავშირდეთ. არ გვაქვს იმის ილუზია, რომ დისტანციური სწავლების დროს პრობლემები არ იქნება. ვიმედოვნებ, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა არ დაგვჭორდება, თუმცა, თუ ეს ასე არ მოხდა, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურსის მობილიზებას გავაკეთებთ. ოღონდ სკოლას იმის საშუალება არ აქვს, რომ მოსწავლეებს საჭირო ტექნიკა შეუძინოს და ინტერნეტი ჩაურთოს“, – განმარტავს მოლითის საჯარო სკოლის დირექტორი როლანდ ცუცქირიძე.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ხარაგაულის სკოლებს სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა არ მოუწიოთ.
„ჩვენ ეს პერიოდი გავიარეთ გაზაფხულზე და თუ ამის საჭიროება კვლავ დადგა, სკოლები უფრო მობილიზებულები იქნებიან. სკოლებში არის ძალიან კარგი ინტერნეტი. მასწავლებლებს აქვთ კორპორატიული ნომრები, სადაც ინტერნეტის ჩართვა შეღავათიანად შეუძლიათ. თუმცა რჩება ბევრი პრობლემა. ხარაგაულში არის სოფლები, სადაც საერთოდ ვერ იღებენ ინტერნეტს. ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე ხარაგაულში მოქმედი 4 სკოლა – ზვარეს საჯარო და დაბა ხარაგაულის სამივე სკოლა – იმყოფება“, – ამბობს მარინე ვეფხვაძე.
ლიკა ხიჯაკაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი