
კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალბატონი ლალი სოციალურ ქსელში საავადმყოფოების გადატვირთულობაზე წერს:
„საავადმყოფოებიდან ყრიან პაციენტებს, რათა მიიღონ სხვები. აქედან გაყვანილი სტატისტიკით მივეწერები განკურნებულს, მაგრამ ეს ასე არაა. დიდი სიფრთხილის მიუხედავად, განსაცდელი ვერ ავიცილე“.
ყველაფერი გააკეთა თუ არა სახელმწიფომ იმისთვის, რომ კორონავირუსის მეორე ტალღას მომზადებულები შევხვედროდით, რამდენად გაუძლებს ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ინფიცირებულთა მატებას, – ამის შესახებ გამომცემლობა „ჩემი ხარაგაული“ მედიცინის აკადემიურ დოქტორს, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორს, თენგიზ ვერულავას ესაუბრა.
-ევროპის მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც კი, სადაც სტაციონარები სათანადოდ აღჭურვილია და მომსახურება უმაღლეს დონეზეა, პრობლემების წინაშე დადგნენ, – ამბობს თენგიზ ვერულავა, – იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ბევრი საავადმყოფო და ექიმია, ათასობით ინფიცირებული პაციენტის მისაღებად შესაბამისი ინფრასტრუქტურა მაინც ვერ გვექნება.
ამ დროს ყველაზე მთავარი ოჯახის ექიმის ინსტიტუტია, სადაც ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს. პირველადი ჯანდაცვა არ არის იმ დონეზე განვითარებული, რომ მეტი ტვირთი გადანაწილდეს არა სტაციონარზე, არამედ ამბულატორიულ მკურნალობაზე.
ბევრ შემთხვევაში კორონავირუსის მართვა სავსებით საკმარისია ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით. ის ქვეყნები, სადაც პირველადი ჯანდაცვა მაღალ დონეზეა განვითარებული, კოვიდინფექციას უკეთესად უმკლავდებიან. როგორ შეძლებს ჩვენი პირველადი ჯანდაცვის სისტემა სათანადო რეაგირებას ამ დაავადებასთან, ძნელი სათქმელია და ეს არის ჩვენი სუსტი წერტილი.
ამიტომ ყველაზე მთავარია, ადამიანების ქცევა, მათი ინფორმირებულობა და წესების დაცვა – სოციალური დისტანცირება, პირბადის ტარება, ჰიგიენა, ხელების დაბანა.
უნდა შევძლოთ ვირუსთან თანაარსებობა. სხვანაირად შეუძლებელია. მსოფლიო პანდემიას ვერც ერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს. მთავარი დატვირთვა მოდის ადამიანის ქცევაზე, პირველად ჯანდაცვასა და ოჯახის ექიმზე, რომლის მეთვალყურეობა თითოეულ ადამიანთან უფრო შედეგიანია.
ეს საუკუნე პანდემიების საუკუნეა. ჩვენ ახლა გვაქვს კოვიდ-19 და აუცილებლად გვექნება კოვიდ-30, კოვიდ-35. თუმცა, ამის გამო გლობალიზაციისგან მოტანილ სიკეთეებს ვერ დავთმობთ.
ყველაფერი პანდემიის პირობებზე უნდა გადაეწყოს – ეკონომიკა, განათლება. ამას უნდა შევეგუოთ და ჯანდაცვის სისტემის ადაპტირება მოვახდინოთ. ფინანსების დიდი ნაწილი პირველადი ჯანდაცვის, ოჯახის ექიმის გაძლიერებისკენ უნდა მიიმართოს.
ნინო კაპანაძე
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის