ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებმა მუშაობა, მეორე თვეა, განაახლეს. თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ღონისძიებების ჩატარების უფლება ჯერ კიდევ არ აქვთ. თანამშრომები ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებენ.

„2017 წლიდან დღემდე მხატვარმა ლევან ცუცქირიძემ 300-მდე ნამუშევარი გადმოგვცა, – ამბობს ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის კულტურის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო დიდიძე – სამ საგამოფენო დარბაზს მინიმალური კოსმეტიკური რემონტი ჩავუტარეთ.

ახლა ნამუშევრების განლაგებაზე ვმუშაობთ. თუმცა როდის შევძლებთ გამოფენის გამართვას, არ ვიცი. ვცდილობთ, რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვით ვიმუშაოთ. თუ რომელიმე თანამშრომელი თავს შეუძლოდ იგრძნობს სახლში რჩება.

„მუზეუმების ღამე“ ტრადიციულად მაისში იმართებოდა, მაგრამ ვინაიდან მაისში ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები ვრცელდებოდა, „მუზეუმების ღამე“ დისტანციურად 14-15 ნოემბერს აღინიშნება. ამ დღისათვის მოვამზადებთ მასალას, რომელსაც ჩვენს ფეისბუქ გვერდზე განვათავსებთ.

მუზეუმის თანამშრომლები ვიზიტორებს ყველა რეკომენდაციის დაცვით მასპინძლობენ. მნახველებს მუზეუმში შემოსვლა მხოლოდ პირბადითა და დეზობარიერის გავლით შეუძლიათ“.

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის მუშაობა 21 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე შეჩერებული იყო. 2-დან 5 ნოემბრამდე მუშაობა განაახლეს.

თუმცა, მასალის მომზადების პროცესში შევიტყვეთ, რომ მუზეუმის თანამშრომლები კვლავ დისტანციურ მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. სავარაუდოდ, ეს ხარაგაულში ეპიდსიტუაციის გაუარესებას უკავშირდება.

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებს ორშაბათს მიაწოდებენ ინფორმაციას, შეძლებენ თუ არა მუშაობის ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელებას.