„ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ეს სიტყვები დაედო საფუძვლად  ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებაში 18 ნოემბერს გამართულ ღონისძიებას. ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ საბავშვო ბიბლიოთეკის წამყვანი სპეციალისტი ლალა ვეფხვაძე.

სტუმრებს ნორჩმა მკითხველებმა გააცნეს დიდი ქართველი მამულიშვილების – დიმიტრი ყიფიანის, ექვთიმე თაყაიშვილის, მერაბ კოსტავას ბიოგრაფიები, მათი ცხოვრების უცნობი და საინტერესო დეტალები, ნაჩვენები იყო ვიდეო კადრები. საღამოს ლექსებით ალამაზებდნენ გიგი გაბუნია, ვაჟიკო შარიქაძე და ლიზი შარიქაძე. რამდენიმე სიმღერა და საგალობელი შეასრულა ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლე მგალობელთა გუნდმა (რეგენტი თორნიკე ბაკურაძე). საღამო დასრულდა ხარაგაულზე შექმნილი ახალი სიმღერით „ოდა ხარაგაულს“.

ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის პედაგოგმა მერი გიორგიძემ გაიხსენა ექვთიმე თაყაიშვილის მძიმე ცხოვრება ემიგრაციაში. მან აღნიშნა, რომ ასეთი ღონისძიებები ბავშვებში პატრიოტულ გრძნობებს აღვივებს.

ღონისძიების ორგანიზატორ ლალა ვეფხვაძის თქმით, საბავშვო ბიბლიოთეკა აუცილებლად გააგრძელებს პროექტზე „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ მუშაობას.

ღონისძიების ბოლოს მონაწილეები და დამსწრე საზოგადოება ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა ანდრიამ დალოცა და აღნიშნა, რომ ასეთი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ბავშვების ნამდვილ მამულიშვილებად აღზრდას.

თამთა გოგოლაძე