
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი პანდემიის პირობებში რეკომენდაციების დაცვით აგრძელებს მუშაობას.
გაკვეთილები ჯგუფებში ცხრილით მიმდინარეობს და ნახევარი საათი გრძელდება. ბავშვები იცავენ დისტანციასა და ხელების ჰიგიენას. შეიძინეს დეზობარიერები და სადეზინფექციო საშუალებები. მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორი მაია ბლუაშვილი წუხს იმის გამო, რომ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ბავშვების რაოდენობა შემცირებულია.
„მუშაობას ვაგრძელებთ. თუ ადრე დღის განმავლობაში კონკრეტული წრის ერთ ჯგუფს ვამეცადინებდით, ახლა გავყავით და მასწავლებლები ორ-სამ ჯგუფთან მუშაობენ. კვირის განმავლობაში ადრე 180-200 ბავშვი გვყავდა, ახლა კი მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირდა.
მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეებს რეკომენდაციების დასაცავად სკოლაში ყველა პროცედურა გავლილი აქვთ, ჩვენ მაინც ვუზომავთ ტემპერატურას, ვუმუშავებთ ხელებს. დავდგით რეზერვუარი და გვაქვს მუდმივი წყალი, ბავშვებს ხელების დაბანის საშუალება დღის ნებისმიერ მომენტში რომ შეეძლოთ. ვიცავთ დისტანციას. მასწავლებლები მთელი დღის განმავლობაში პირბადეს ატარებენ“, – ამბობს მაია ბლუაშვილი.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მოსწავლეებს შეუძლიათ შეუძლიათ დაეუფლონ გალობას, მაკრამეს, ხელგარჯილობას, საესტრადო სიმღერებს, ხატვას; ჩაერთონ ლიტერატურული თეატრის, ნორჩი მათემატიკოსის, ინგლისური ენის შემსწავლელ და მხარეთმცოდნეობის წრეებზე.
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს მარელისის სკოლაში აქვს ხის მხატვრული დამუშავების წრე, ლეღვნის სკოლაში – ხალხური საკრავების წრე, ბორითის სკოლაში – კომპიუტერის შემსწავლელი წრე. აღნიშნული წრეები მოსწავლეებისთვის უფასოა.
მასწავლებლები, ბავშვებს დაძაბული გარემო რომ გაუხალისონ, გაკვეთილებს ღია სივრცეში ატარებენ.
დიდი იმედი გვაქვს, რომ რეკომენდაციების დაცვით, ღია სივრცეში, საახალწლო ღონისძიების ჩატარებას მოვახერხებთ. ყველაფერი კი მაინც ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული“.
„თუ ადრე ჩემს წრეზე 40 მოსწავლე დადიოდა, ახლა მათი რიცხვი განახევრებულია. ეპიდემიოლოგების ყველა რეკომენდაციას მაქსიმალურად ვიცავთ. კარგ ამინდში მეცადინეობა პარკში ჩავატარეთ. ძალიან გვინდა საახალწლო ღონისძიების ჩატარება. უკვე ვემზადებით. იმედია, ამის საშუალება მოგვეცემა“, – ამბობს საესტრადო მუსიკის წრის მასწავლებელი დარეჯან გვაძაბია.
„პანდემიამდე ბავშვები უფრო თავისუფლად ვიყავით,- ამბობს საესტრადო მუსიკის წრის მოსწავლე ლიზი ლაცაბიძე, – პანდემიის პირობებში ყველაზე მეტად დისტანციის დაცვა გვიჭირს. ჩვენმა ჯგუფმა სხვადასხვა ფესტივალებზე ბევრ წარმატებას მიაღწია. ერთ- ერთ კონკურსზე გავიმარჯვეთ კიდეც. ასეთი წრეების არსებობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.
ლიკა ხიჯაკაძე
ფოტოზე: ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მაკრამეს შემსწავლელი წრის მეცადინეობა ღია სივრცეში
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის