ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) ხარაგაულის 12 მოციქულის სახელობის ტაძრის კურთხევის შემდეგ ისაუბრა.

ხარაგაულის 12 მოციქულის ტაძრის (პირველი სართული) კურთხევა 25 ოქტომბერს გაიმართა. ტაძრის კურთხევა მეუფე მელქისედეკმა ეპარქიის სხვა მღვდელმსახურებთან ერთად აღასრულა.

„დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი“, – ეს სიტყვები დღევანდელი დღის გამოვლინებაა. დაბა ხარაგაულში საერთოდ არ იყო ტაძარი. ღვთის შემწეობით ტაძარი აიგო, თან – ორსართულიანი. დღეს თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძრის კურთხევა გაიმართა, ტაძარი მოქმედი იყო და დღეს ეკურთხა.

ძალიან მალე იკურთხება ზედა სართულიც, მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარი. ვიმედოვნებ, რომ შობისთვის ზედა სართულზე დასრულებული იქნება კანკელი და ტრაპეზი და შობის დღესასწაულს იქ ვიდღესასწაულებთ. თან ვაკურთხებთ ტაძარს და თან დავიწყებთ მსახურებას მთლიან ტაძარში.

მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, რომ მოგვეცა საშუალება აგვეშენებინა ტაძარი, თითოეულ ჩვენთაგანს მიგვეღო მონაწილეობა. მადლობა ბატონ ცეზარ ბუბულაშვილს. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს. ის ყველაფერს აკეთებდა, რომ რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო და ამოქმედებულიყო ტაძარი. ამ ტაძრით ცხოვრობდა და არსებობდა. სამწუხაროდ, მთლიანად დასრულებას ვერ მოესწრო, მაგრამ ამ ტაძრიდან  მოხდა მისი საბოლოო გზაზე გაცილება. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს.

მინდა დავლოცო ის მამები, რომლებიც მოღვაწეობდნენ ხარაგაულში და სხვადასხვა  ტაძრებსა თუ ეპარქიებში განაგრძობენ მსახურებას, ყველა გააძლიეროს უფალმა. მადლობა ხარაგაულის ტაძრის მგალობლებს, საუკეთესო შესრულებისათვის.

შევთხოვ უფალს, რომ გააძლიეროს ჩვენი სამშობლო, ჩვენი ეკლესია და ეპარქია. გააძლიეროს ჩვენი უწმინდესი და ჯანმრთელად ამყოფოს.

განსაცდელები იქნება, მაგრამ სადაც განსაცდელები მოიმატებს, იქ ღვთის მადლი და წყალობაა და ამიტომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ღმერთმა დაგლოცოთ“.