ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე ზაალ გორგიძესგან  მოპოვებული ინფორმაციით, თვითიზოლაცია და კარანტინი ანაზღაურებადია ისევე, როგორც ბიულეტენი.

კორონავირუსით ინფიცირებული პირი, დროებით შრომისუუნაროდ მიიჩნევა და ასეთ დროს არ არის ვალდებული, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობები შეასრულოს.

იგივე წესი ვრცელდება, თუ დასაქმებული კარანტინსა და თვითიზოლაციაში იმყოფება.

დროებით შრომისუუნარობის დადასტურება შესაძლებელია სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული საავადმყოფოს ფურცლით (ბიულეტენი) ან მასთან გათანაბრებული ცნობით.

ბიულეტენი შეიძლება გაიცეს კარანტინში მოთავსების გამოც, ამ შემთხვევაში მას გასცემს ექიმი ეპიდემიოლოგი ან ექიმი ინფექციონისტი ან მკურნალი ექიმი.

ბიულეტენის ტოლფასი ცნობა გაიცემა პირზე, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან და გადის საკარანტინო პერიოდს ბინაზე. მოთხოვნის შემთხვევაში ცნობას გასცემს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.

ზაალ გორგიძის ინფორმაციით, კარანტინი ან თვითიზოლაცია ანაზღაურებადია როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციებში, ასევე კერძო დაწესებულებებში.

„რაც შეეხებათ პირებს, რომლებიც დღიურ სამუშაოებს ასრულებენ, თვითიზოლაციის ან საკარანტინო პერიოდის ანაზღაურება დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მოხდება“, – ამბობს ზაალ გორგიძე.

თამთა გოგოლაძე