#20 საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის საარჩევნო ოლქში სულ 14 საჩივარი შევიდა.

კომისიის თავმჯდომარე მამუკა სამხარაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, საჩივრები „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „სამართლიანი არჩევნების“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან მიიღეს.

„საჩივრები შემაჯამებელი ოქმების არასწორად შევსებას ეხება და უბნების ბათილობას ითხოვენ, – განმარტავს მამუკა სამხარაძე, – უბნების შედეგების გაბათილებას თავისი საფუძვლები აქვს – უნდა არსებობდეს შესაბამის ფაქტებზე უბანზე დაწერილი საჩივარი, ოქმში უნდა ეწეროს განსხვავებული აზრი, ან კომისიის ის წევრი, რომელიც ოქმის სიზუსტეს არ ეთანხმება, ხელს არ უნდა აწერდეს. ასეთი ფაქტების არარსებობის გამო უბნების ბათილობის საფუძველი არ გვაქვს. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება კომისიამ უნდა მიიღოს.

3 ნოემბერს ერთი საჩივარი განვიხილეთ და დავაკმაყოფილეთ. საია საჩხერის ერთ-ერთ უბანზე კონვერტის გარეშე ჩაგდებული ბიულეტენის ბათილად ცნობას და ყუთზე ზედამხედველი კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვდა.

ბიულეტენი, რომელიც ყუთში კონვერტის გარეშეა, ისედაც ბათილია. კომისიის წევრს კი შენიშვნა მივეცით.

დარჩენილ საჩივრებს 4 და 5 ნოემბერს განვიხილავთ“.

ხარაგაულიდან ერთი საჩივარი პროკურატურაში ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ქეთევან ზუმბაძემ შეიტანა. ის #48.02 პატარა ხარაგაულის საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორის რვეულის მიხედვით ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტების გამოძიებას ითხოვს.

ფოტოზე: ხარაგაულის #1 საარჩევნო უბანი