გრიპის ვირუსი საქართველოში ცირკულაციას ნოემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას გრიპის ვირუსზე ვაქცინაციისაკენ მოუწოდებს.

„მალე გრიპის ვირუსი გამოჩნდება. კორონავირუსისგან განსხვავებით, არსებობს გრიპის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა, რომელიც მძლავრი დაცვის საშუალებაა იმ პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად, რასაც ჩვენ მოგიწოდებთ კორონავირუსული ინფექციის დროს.

შეგახსენებთ, რომ ეს პრევენციული ღონისძიებებია: პირბადის ტარება, დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა და პირადი ჰიგიენის დაცვა, თავყრილობებისაგან თავის შეკავება.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის დროულ ვაქცინაციას. წელს სახელმწიფომ, წინა წლებთან შედარებით, 2,5-ჯერ მეტი ვაქცინა შეიძინა. ორ კვირაზე მეტია, რისკ ჯგუფების ვაქცინაცია მიმდინარეობს. სამწუხაროდ, მიმართვიანობა არც თუ ისე მაღალია. ორი კვირის წინ საქართველოს პოლიკლინიკებში 25 000 დოზა გადანაწილდა. დღევანდელი მონაცემებით აცრილია 14 000 ადამიანი, რაც ძალიან ცოტაა“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

გრიპის ვაქცინა განკუთვნილია მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის. ესენია: საბავშვო ბაღის აღმზრდელები, ორსულები, მოხუცთა თავშესაფრებში მყოფი ბენეფიციარები და მათი მომვლელები, ბავშვთა სახლებში მყოფი პირები და მათი მომვლელები, 65 წელს ზემოთ მყოფი პირები, რომელთაც აქვთ სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები, გულისა და ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, დიაბეტით დაავადებულები, სამედიცინო პერსონალი და ა.შ. ამ და სხვა რისკჯგუფებს ვაქცინაცია სახელმწიფოს დაფინანსებით ეკუთვნით.

ამირან გამყრელიძის თქმით, თუ საჭიროება დადგება, გრიპის ვაქცინის დოზებს სახელმწიფო დამატებით კიდევ შემოიტანს.

ვაქცინაციის შემდეგ იმუნიტეტის გაუმჯობესებას ათი დღე სჭირდება. სწორედ ამიტომ სასურველია მოსახლეობის დიდი ნაწილის აცრა გრიპის ვირუსის ცირკულაციის დაწყებამდე.