ცესკომ დღეს, 30 ოქტომბერს, იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სიები დაამტკიცა.

გადასატანი ყუთის მეშვეობით 31 ოქტომბრის არჩევნებში  სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი 10 845 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.

ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული ამომრჩეველთა სპეციალური სიების მიხედვით თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობა 3 695-ს, ხოლო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლების (მათ შორის სამედიცინო პერსონალი) რაოდენობა 7 150-ს შეადგენს.

რაც შეეხება სპეციალური ჯგუფების წევრებს, რომლებიც მოემსახურებიან იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, ასევე საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც პროცესს დააკვირდებიან და იმავდროულად მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას, მათი რაოდენობა 1917-ია.

სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი 127 საარჩევნო სპეციალური უბანი ამომრჩევლებს 311 გადასატანი საარჩევნო ყუთით მოემსახურება.

#48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში ერთი სპეციალური ჯგუფია შექმნილი. ამ ჯგუფის ხელმძღვანელის, მაკა აბაშიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, სპეციალური სიით ხარაგაულში ხმას სულ 52 ამომრჩეველი მისცემს. მათგან 40 საავადმყოფოებსა და იზოლაციაში იმყოფება, ხოლო 12 პირი ამ სპეციალური ჯგუფის წევრია.

#56 ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მამუკა სამხარაძის ინფორმაციით, ამ ოლქში სპეციალურ სიაში 27 მოქალაქეა. მათგან 12 სპეცჯგუფის წევრია, სამი – პარტიის წარმომადგენელი. დანარჩენი პირები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

საავადმყოფოებსა და იზოლაციაში მყოფი პირების სპეციალურ სიებს ცესკოდან ელოდება #50 საჩხერის საოლქო საარჩევნო კომისია. კომისიის თავმჯდომარის, მანანა მუმლაძის თქმით, საჩხერეში 4 სპეცჯგუფია შექმნილი. აქ კოვიდინფიცირებულები სამ საავადმყოფოში მკურნალობენ.

შეგახსენებთ, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ საავადმყოფოებსა და იზოლაციაში მყოფი ის პირები, რომლებმაც ცესკოს 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე მიმართეს.