„ჩემი ხარაგაულის“ პროექტის – „რეგიონული მედიის სარედაქციო და ტექნოლოგიური მხარდაჭერა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაღალხარისხოვანი გაშუქების მიზნით“ – ფარგლებში საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატებისა ხარაგაულის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა.

ეს შეხვედრა „ჩემი ხარაგაულის“ „ინტერნიუსთან“ თანამშრომლობითა და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა.

#20 მაჟორიტარულ ოლქში კენჭს 11 კანდიდატი იყრის. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ პარლამენტარობის ხუთი ყველაზე რეიტინგული კანდიდატები, – სერგო რატიანი – „ევროპული საქართველო“; გიორგი კაპანაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; გიორგი კასრაძე – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; პაატა კვიჟინაძე – „ქართული ოცნება“; ანი მიროტაძე – „ლელო“. ეს კანდიდატები იმ პარტიებს წარმოადგენენ, რომელთაც ხარაგაულის მერობის რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატები ჰყავთ.

გამომცემლობამ ყველა ღონე გამოიყენა იმისათვის, რომ შეხვედრაში მონაწილეობა ხუთივე კანდიდატს მიეღო, თუმცა შეხვედრაზე მხოლოდ ორი – სერგო რატიანი და ანი მიროტაძე მოვიდნენ.

კანდიდატებმა ხარაგაულში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს და კონკრეტულ საკითხებზე საკუთარი ხედვა წარმოადგინეს.

– საკანონმდებლო საქმიანობით რას და როგორ გააკეთებენ ზემო იმერეთის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თვთმმართველობის გასაძლიერებლად, სკოლამდელი, ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების დასაძლევად, შშმ პირებისთვის საჭირო სერვისების დასანერგად, როგორ შეძლებენ საკუთარი რესურსებით გაიმარჯვონ მმართველი პარტიის ძალაუფლებასა და ფინანსებზე, – ამ შეკითხვებს უპასუხეს სერგო რატიანმა და ანი მიროტაძემ.

ანი მიროტაძის მოსაზრებით, ნომერ პირველი საკითხი, რომელზეც დეპუტატობის ყველა კანდიდატმა უნდა იფიქროს, სამუშაო ადგილების შექმნა და მიგრაციის შეჩერებაა. მისი თქმით, „ლელოს მარშალის გეგმის“ მთავარი ღერძი 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა, პენსიის გაორმაგება, ვეტერანების 22 ლარიანი დახმარების გაათმაგება, საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე ხელშეწყობაა.

ანი მიროტაძე თვლის, რომ აუცილებელია ყველა სოფლის ინტერნეტიზაცია და მოსწავლეების კომპიუტერებით აღჭურვა, უფროს კლასებში ბიზნესის კეთებისა და მართვის კუთხით საგნის დამატება.

სერგო რატიანის შეფასებით, შეფასებით, რეგიონებში პრობლემები წლობით იმიტომ ვერ გვარდება, რომ მაჟორიტარები ანგარიშვალდებულები არა მოსახლეობასთან, არამედ ბიძინა ივანიშვილთან არიან. ბიუროკრატიული ხარჯებისთვის 2 მილიარდი ლარის მოკლებით და გადასახადების დაწევით „ევროპული საქართველო“ სოციალური პაკეტის გაორმაგებას და ახალის სამუშაო ადგილების შექმნას გვპირდება.

განათლების სისტემაში არსებული პრობლემები, სერგო რატიანის ხედვით, კონკურენტული გარემოს შექმნით, საკმარისი დაფინანსების გამოყოფით და სასწავლო დაწესებულებების სრული დამოუკიდებლობით მიიღწევა.

– როგორ დავძლიოთ შიში, უიმედობა და  როგორ გავიმარჯვოთ მმართველი პარტიის დიდ ფინანსებზე ანი მიროტაძე თვლის, რომ  მხოლოდ სიმართლით უნდა ვაჯობოთ, რადგან სხვა არჩევანი არ გვაქვს. „თოთოეულმა ამომრჩეველმა 31 ოქტომბერს სამოქალაქო პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და არჩევანი გულისა და გონების კარნახით გააკეთოს“.

„2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს დღევანდელ ხელისუფლებაზე არანაკლები ფული  და ძალაუფლება ჰქონდა და უფრო მეტი საქმე იყო გაკეთებული, – აღნიშნა შეხვედრაზე სერგო რატიანმა, – მაგრამ მან წააგო ხალხთან. ბიძინა  ივანიშვილს უნდა, რომ 2012 წლის გამარჯვება მიიწეროს, მაგრამ ეს გამარჯვება მხოლოდ ამომრჩეველს ეკუთვნოდა. 2018 წელს ბიძინა ივანიშვილმა, ფულისა და ძალაუფლების მიუხედავად, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური წააგო. ამიტომ ყველა ხელისუფლების ფული და ძალაუფლება ნულდება, როცა  ადამიანები იღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას“.

შეხვედრის სრულ ჩანაწერს გაეცანით ფეისბუქის ლინკზე.

ნინო კაპანაძე

მასალა მომზადებულია „ინტერნიუსი-საქართველოსთან“ თანამშრომლობით, პროექტის „რეგიონული მედიის სარედაქციო და ტექნოლოგიური მხარდაჭერა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაღალხარისხოვანი გაშუქების მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, რაც არ ნიშნავს, რომ მომზადებული მასალა ასახავს საელჩოს შეხედულებებს.