31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია. საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარობისთვის კენჭს თერთმეტი კანდიდატი იყრის:
#2 სერგო რატიანი – „ევროპული საქართველო“;
#5 გიორგი კაპანაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
#8 გიორგი კასრაძე – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
#14 როინ გელაშვილი – „ბეჟან გუნავა – ქართული არჩევანი“;
#19 ნინო ბრეგვაძე – „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“;
#20 გიორგი ვაჭარაძე – „საქართველო“;
#21 როსტომ ცარციძე – „თავისუფალი საქართველო“;
#30 ალექსანდრე გაგნიძე – „შეცვალე საქართველო“;
#41 პაატა კვიჟინაძე – „ქართული ოცნება“;
#44 ზინა გველესიანი – ქართული იდეა;
#56 ანი მიროტაძე – „ლელო“.
რის შეცვლას აპირებენ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში და საკანონმდებლო საქმიანობით როგორ მოახერხებენ ზემო იმერეთის სამი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევას, – ამ საკითხებზე ხუთ ყველაზე რეიტინგულ კანდიდატს ვესაუბრეთ.
ეს ხუთი კანდიდატი იმ პარტიებს წარმოადგენენ, რომელთაც ხარაგაულის მერობის რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატები ჰყავთ.
„პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კასრაძე, რედაქციისგან და კანდიდატისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დისტანციურად, ტელეფონით ჩავწერეთ. ამიტომ მისი მოსაზრებები ვიდეო ჩანაწერებში ვერ აისახა.
მაჟორიტარობის კანდიდატებიდან ორი – სერგო რატიანი და პაატა კვიჟინაძე მოქმედი პარლამენტარები არიან.
სერგო რატიანი 2012 და 2016 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. 2017 წლიდან „ევროპული საქართველოს“ წევრია.
პაატა კვიჟინაძე 2012-2016 წლებში იყო პარლამენტარი „ქართული ოცნების“ სიით; 2016 წლიდან კი საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატია, ამავე პარტიიდან.
ანი მიროტაძე პარლამენტის წევრი იყო 2012-2016 წლებში, „ქართული ოცნების“ სიით.
გიორგი კაპანაძე გამოცემა„ინტერნეტმედია“ ჯგუფის დამფუძნებელია.
გიორგი კასრაძე 2015 წლიდან მედია-კავშირ „ობიექტივში“ მუშაობს.
კანდიდატები ამომრჩევლებისგან დასმულ ერთსა და იმავე შეკითხვებზე გვპასუხობენ.
სერგო რატიანი მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების დასაძლევად მნიშვნელოვნად თვითმმართველობის გაძლიერებას მიიჩნევს.
ტყის რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაში, მეავეჯეობის, ბიოპროდუქციის წარმოებაზე ხელშეწყობასა და ტურიზმის განვითარებაში ხედავენ გამოსავალს გიორგი კაპანაძე და გიორგი კასრაძე.
პაატა კვიჟინაძე ამბობს, რომ წყალმომარაგების, გზისა და გაზიფიცირების პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებაზე კანონმდებლობისა თუ სამინისტროებთან მუშაობის კუთხით იზრუნებს.
ანი მიროტაძე თვლის, რომ დღეს მთავარი გამოწვევა დასაქმებაა, რისი დაძლევაც როგორც საბიუჯეტო თანხების, ისე მოზიდული ინვესტიციებით შესაძლებელია.
სერგო რატიანის აზრით, ჭიათურაში მარგანეცის წარმოებიდან თანხების დიდი ნაწილი ადგილობრივ ბიუჯეტში უნდა დარჩეს. ავტომაგისტრალების მშენებლობის დასრულება ტვირთბრუნვას რადიკალურად გაზრდის.
გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ იმ სოფლებს, რომლებსაც ხარაგაულში, ჭიათურასა და საჩხერეში 2012 წლის შემდეგ მაღალმთიანის სტატუსი უსამართლოდ ჩამოართვეს, ეს სტატუსი უნდა დაუბრუნდეს, რის შემდეგაც მოსახლეობა შეღავათებით ისარგებლებს.
გიორგი კასრაძე თვლის, რომ არსებული რესურსების სწორად გამოყენება, ტურისტული ობიექტების პოპულარიზაცია, ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების ეკონომიკურ გაძლიერებს ხელს შეუწყობს.
პაატა კვიჟინაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში განცალკევებულად, მხოლოდ სამი მუნიციპალიტეტის განვითარება წარმოუდგენელია. საქართველოში უნდა შეიქმნას იმის პირობები, რომ ინვესტიციები შემოვიდეს.
ანი მიროტაძე ამბობს, რომ რეგიონის განვითარებისთვის მარგენიცის წარმოებიდან ადგილობრივ ბიუჯეტში 20% მაინც უნდა დარჩეს.
საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატთა ხედვები უმუშევრობის შესამცირებლად:
სერგო რატიანის აზრით, დასაქმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ გადასახადები შემცირდეს. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესს მეტი ფული რჩება და შესაბამისად, მეტ ადამიანს დაასაქმებს.
გიორგი კაპანაძე თვლის, რომ სამივე მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებით უმუშევრობა დაიძლევა.
გიორგი კასრაძე აგროტურიზმის განვითარებას ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ საშულებად მიიჩნევს.
პაატა კვიჟინაძე ფიქრობს, რომ უმუშევრობის შესამცირებლად მუნიციპალიტეტებში არსებული ტურისტული პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.
ანი მიროტაძე ამბობს, რომ „ლელოს“ ჯანსაღი და ხმაურიანი ამბიცია აქვს – 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა. ეს არის შესაძლებელი როგორც საბიუჯეტო სახსრებით, ისე გრანტებისა და ინვესტიციების მოზიდვით.
როგორ უნდა მოგვარდეს ჭიათურაში ეკოლოგიური პრობლემა
სერგო რატიანის აზრით, ჭიათურის სოფლებში ეკოსისტემების აღდგენა სავალდებულო უნდა გახდეს.
გიორგი კაპანაძე მიიჩნევს, სახელმწიფოსა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის დადებული კონტრაქტი გადასახედია.
გიორგი კასრაძე ამბობს, რომ სასწრაფოდ დასაწყებია ნიადაგის რეკულტივაცია, ახალი ჯიშის ნერგების დარგვა, მანგანუმის რკინიგზით ტრანსპორტირება.
პაატა კვიჟინაძე გამოსავალს ჭიათურის ეკოლოგიური პრობლემების ეტაპობრივად დაძლევაში ხედავს ისე, რომ საწარმო არ გაჩერდეს – ჯარიმების გადახდის პარლელურად, სოფლებში ნიადაგის რეკულტივაცია უნდა დაიწყოს.
ანი მიროტაძე საჭიროდ მიიჩნევს რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებას – მათ შორის გარემოზე ზემოქმედებისა და ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით.
რა უნდა გაკეთდეს ომის ვეტერანებისა და შშმ პირების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად
სერგო რატიანი, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, პენსიისა და სოციალური დახმარების გაორმაგებას გვპირდება.
გიორგი კაპანაძე, პარლამენტარად არჩევის შემთხვევაში, სოციალური პაკეტის გაუმჯობესებაზე ზრუნვის დაწყებას პარლამენტში არჩევის მეორე დღიდანვე აპირებს.
გიორგი კასრაძე გვპირდება, რომ ყველაზე მოწყვლადი ფენის მხარდასაჭერად საკანონმდებლო ცვლილებებს შეიმუშავებს.
პაატა კვიჟინაძე ამბობს, რომ დაგეგმილია ვეტერანების ყოველთვიური დახმარების გაზრდა და სამედიცინო დაზღვევა, დასაქმებული ვეტერანების საშემოსავლო გადასახადისგან სრულად გათავისუფლება; ის მხარს უჭერს შშმ პირებისთვის კანონში გაწერილი ვალდებულებების აღსრულებას.
ანი მიროტაძე „ლელოს“ მარშალის გეგმის მიხედვით შემწეობების ათჯერ გაზრდის პირობას დებს.
– რამდენად გაქვთ გამარჯვების იმედი, ამომრჩეველთა ხმების რამდენ პროცენტს მოიპოვებთ?
სერგო რატიანი ამბობს, რომ არ არსებობს მათემატიკური გათვლა, სადაც ბიძინა ივანიშვილი იგებს არჩევნებს.
გიორგი კაპანაძეს იმედი აქვს, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობა სიღარიბესა და ივანიშვილს ეტყვის „არას“ და ხმას ყველაზე მწყობრი პოლიტიკის მქონე კანდიდატს მისცემს.
გიორგი კასრაძეს გამარჯვების იმედი აქვს და სხვა შემთხვევაში ამ ბრძოლაში არ შევიდოდა.
პაატა კვიჟინაძე ამბობს, რომ არჩევნების ბედი ხალხის გადასაწყვეტია და ის ამომრჩევლის გადაწყვეტილებას დაემორჩილება და პატივისცემით მიიღებს.
ანი მიროტაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ერთპიროვნული მმართველობიდან გაათავისუფლებს.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი