ხარაგაულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გზის მშენებელმა კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ სამშენებლო სამუშაოები შეწყვიტა.

ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად საავტომობილო გზების დეპარტამენტს დავუკავშირდით. დეპარტამენტის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თამარ ჯაფარიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, კომპანია არსად წასულა და ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის სამშენებლო სამუშაოებს გეგმა-გრაფიკის მიხედვით აწარმოებს.

„ამ მომენტში შეიძლება გზის მშენებლობის ტემპი დაბალია, თუმცა, ეს პროქტი თავის ვადებში დასრულდება, – ამბობს თამარ ჯაფარიძე, – ხუთი დღის წინ თავად ვიმყოფებოდი ფონის მხრიდან ხარაგაულში და ასფალტის დაგების სამუშაობი დავათვალიერეთ. ამ გზის მშენებლობაზე „ბლექ სი გრუპი“ და „აკორდი“ მუშაობს.

ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის 50-კილომეტრიანი გზის რეკონსტრუქციას აზიის განვითარების ბანკი (ADB) 80 მილიონი აშშ დოლარით აფინანსებს.

გზის სრული რეაბილიტაცია 2021 წლის ბოლოსთვის იგეგმება. ასფალტი არსებულ გზაზე უნდა დაიგოს, 22 ხიდი და საყრდენი კედლები უნდა აშენდეს.

ფოტოზე: გზის მშენებლობა დიდვაკე-ვახანისწყლის მონაკვეთზე – 29 სექტემბერი, 2020 წ., ფოტო აღებულია კომპანია „ბლექ სი გრუპის“ ფეისბუქგვერდიდან