დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს თუ ვინ არის მისი ოჯახის ექიმი და შესაბამისად უნდა ჰქონდეს მისი ტელეფონის ნომერი.

„სიმპტომების გამოვლენისას  112-ის გარდა ვრეკავთ ოჯახის ექიმთანაც. სწორედ მისი რეკომენდაციებითა და რჩვებით ვიმოქმედებთ. ბოლო დროს შემოვიდა ტერმინი „კოვიდის გრიპიზაცია“, რაც ნიშნავს იმას, რომ კორონავირუსი არ გაქრება. ის ყოველთვის იქნება სეზონურად. გიდასტურებთ, რომ ნარინჯისფერიდან წითელ ზონაში გადავედით. არ უნდა მივეცეთ პანიკას.  ნოემბრის მეორე, ან მესამე კვირაში იქნება პიკი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა ანტიგენზე დამყარებულ ტესტებზე, რომლის გამოყენებაც საქართველოში დღეიდან დაიწყება.

„თუ ჩვენი მოსახლეობის 90 %  პირბადეს სწორად გამოიყენებს, ინფიცირებულთა რიცხვი 70 %-ით შემცირდება.  ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტის გამოყენება მოხდება იმ პროტოკოლით, როგორც დიაგნოსტიკისათვის PGR ტესტის  გამოყენება. აქვე აღვნიშნავ, რომ  პასუხი იქნება ოც წუთში“, – ამბობს პაატა იმნაძე.