სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის მიღება ელექტრონული ფორმით გახდება შესაძლებელი – იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დღეს მთავრობამ დაამტკიცა.

კანონპროექტის თანახმად, 7 სახის სამოქალაქო აქტი ელექტრონული სახით დარეგისტრირდება და  შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები – დაბადების, მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, სახელის/გვარის შეცვლის, გარდაცვალების – ელექტრონული სახით გაიცემა.

კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი რეგულაციების  2021 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება.

მოქალაქემ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები მისაღებად განაცხადი ელექტრონულად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში უნდა გააკეთოს, რის შემდეგაც ის მიიღებს უნიკალურ სარეგისტრაციო ნომერს და შესაბამის საიდენტიფიკაციო კოდს, რომლის მეშვეობითაც უკვე პორტალ- www.my.gov.ge-ზე გამოქვეყნებული სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის ჩამოტვირთვა ადგილიდან გაუსვლელად ნებისმიერ დროს შეეძლება.

მოქალაქეებს მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ საზღვარგარეთ წარსადგენი ელექტრონული დოკუმენტების შესაბამისი წესით დამოწმებაც, რაც მათ დაუზოგავს დროსა და ფინანსებს. დაინტერესებულ პირს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ადგილიდან გაუსვლელად შეეძლება  ელექტრონული მოწმობის სააგენტოსთვის წარდგენა და  მისი ელექტრონული აპოსტილით დამოწმება და დოკუმენტის მიღება (ჩამოტვირთვა).

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეებისთვის სერვისებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

წყარო