ხარაგაულის საკრებულოს ბიუროს 17 ნოემბრის სხდომაზე დეპუტატმა ვარლამ თავზარაშვილმა მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების კანონიერებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, „გრძელდება ხარაგაულში მანკიერი ტრადიციები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, თითქოს ბაბუებმა დაუტოვეს სამარშრუტო ხაზები. იბარებენ მძღოლებს და სთხოვენ შენატანებს. აგრძელებენ პოლიტიკურ ზეწოლას მათზე და ეუბნებიან, რომ  თუ მათ მხარს არ დაუჭერენ, სამარშრუტო ხაზებზე აღარ ამუშავებენ. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით საკრებულოს ევალება მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების დარეგულირება. შევქმნათ დროებითი კომისია და მოვიძიოთ ინფორმაცია.“

მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის თქმით, „შეიძლება მოძიებული ფაქტები და ინფორმაცია გადაეცეს პროკურატურას, რადგან არალიცენზირებული, არაუფლებამოსილი პირი იღებს უკანონო შემოსავალს, რაც კანონმდებლობით ისჯება.“

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ საკითხის შესწავლა.

ბიუროს წევრთა გადაწყვეტილებით, ამ თემაზე დეპუტატები საკრებულოს 19 ნოემბრის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ.