
კორონავირუსის პანდემიის გამო, საარჩევნო ადმინისტრაცია ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. რამდენად უმკლავდება საარჩევნო ოლქის ადმინისტრაცია ამ გამოწვევებს, ამის შესახებ #20 მაჟორიტარული ოლქის ძირითადი – #56 ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მამუკა სამხარაძე გვესაუბრება.
„საარჩევნო უბნები, ახალი რეგულაციების შესაბამისად, პირველივე სხდომებზე აღიჭურვა დამცავი საშუალებებით. პირბადეები, ხელისა და სხვადასხვა ზედაპირის სადეზინფექციო ხსნარები, ფარები კომისიის მდივნებისთვის, ხელთათმანები საარჩევნო უბნებს უკვე დაურიგდათ. საარჩევნო ბარათების დარიგების დროს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს დამატებით ხელის სადეზინფექციო ხსნარები გადაეცათ. ასევე მონიტორინგს ვაწარმოებთ, რომ დეტალურად გაეცნოს კომისიის თითოეული წევრი ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით ცესკოს დადგენილებებს. შედეგი სახეზე გვაქვს – ჯანმრთელობის გართულების თვალსაზრისით, ჩვენს ოლქში არცერთ უბანზე რაიმე პრობლემა არ შექმნილა.
რაც შეეხება კენჭისყრის დღეს, ყველა ნივთი, რომელიც არჩევნების დღეს, რეგულაციების დასაცავად, უბანზე უნდა იყოს, უკვე მოწოდებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან. დავახარისხებთ და უბნებს მივაწოდებთ. თითოეულ უბანზე იქნება სპეციალური ურნა, რომელშიც მოქალაქე არჩევანის გაკეთების შემდეგ გამოყენებულ კალამს მოათავსებს. ასე რომ, შესაბამისი ქცევის წესებითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი კომისიიის წევრებით დაკომპლექტებული საარჩევნო უბნები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო იქნება.
წინასაარჩევნო გარემო ჩვენს ოლქში, ჯერჯერობით, მშვიდია. სიმართლე გითხრათ, კომისიის წევრები იმდენად რუტინულ სამუშაოში ვართ ჩაფლულები, საზოგადოებასთან აქტიურად ვერ ვურთიერთობთ. თუმცა ვცდილობთ, ინფორმაციები გავიგოთ.
ჩვენს ოლქში პოლიტიკური თვალსაზრისით გართულებული მდგომარეობაა არაა. ყველა პროცესი კონსტრუქციულ გარემოში მიმდინარეობს. არც პოლიტიკური პარტიების მხრიდან აქვს ანგაჟირებას ადგილი, რამაც შეიძლება ემოციური ფონის გამწვავება გამოიწვიოს. იმედი მაქვს, არჩვევნებამდე ასე გაგრძელდება. ექსცესებსა და სირთულეებს არ ველოდებით.
პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს საარჩევნო პლაკატების დაზიანების შესახებ ჩვენთვის არ უცნობებიათ. ადრეულ წლებში უფრო იყო ამასთან დაკავშირებით მომართვები. ამ საკითხებზე რეაგირებას უფრო ადგილობრივი თვითმმართველობები ახდენენ.
ამომრჩეველთა სიების ფორმირება უკვე დასრულდა. თითოეულ საუბნო კომისიაზე გვქონდა გაცემული მითითება, რომ მაქსიმალურად შეესწავლათ საარჩევნო სიები. რამდენიმე გარდაცვლილი პირის ამოღებასთან დაკავშირებით მივიღეთ გადაწყვეტილება, შესაბამისი წესით.
სამწუხაროდ, ზოგიერთმა ამომრჩეველმა არ იცის, რომ საარჩევნო სიები რეგისტრაციის მისამართის მიხედვით ფორმირდება.
კენჭისყრის დღეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემა ყველა იმ პირს, რომელიც შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, 31 ოქტომბერს იქნება თვითიზოლაციაში, კარანტინსა თუ სტაციონალურ დაწესებულებებში.
#20 მაჟორიტარულ ოლქში ამისათვის შეიქმნა სამი სპეციალური ჯგუფი – ჭიათურაში, საჩხერესა და ხარაგაულში. ჭიათურაში კოვიდცენტრი არ გვაქვს. #20 საარჩევნო ოლქში შემავალ არცერთ მუნიციპალიტეტში საკარანტინო სივრცეები არ არის. თუმცა ხარაგაულსა და საჩხერეში კოვიდცენტრები ფუნქციონირებენ. სპეციალური ჯგუფების მომსახურების სპეციფიკა სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვაა.
აუცილებელია, ჩვენი სიდიდის მქონე ოლქში შშმ პირებისთვის იყოს მინიმუმ ოთხი ადაპტირებული უბანი. თუმცა, ჩვენს ოლქში ასეთი უბანი დაახლოებით 12 უბანია, სადაც ეტლით მოსარგებლე ადამიანებს შეუძლიათ, რომ არჩევნებში მონაწილეობა უბანზე მიიღონ.
იმედი მაქვს, 31 ოქტომბერს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მშვიდობიან, გამჭვირვალე და უსაფრთხო არჩევნებს ჩავატარებთ.
თამთა გოგოლაძე
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის