საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის #2 საჯარო სკოლა საერთაშორისო კონკურსზე „მსოფლიო განათლების კვირეული“ მსოფლიოს ას წარმატებულ სკოლას შორის აღიარეს. ეს კონკურსი მსოფლიოს მასშტაბით ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. „მსოფლიო განათლების კვირეულის“ ორგანიზატორია ორგანიზაცია T4. ამ კონკურსის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა სკოლამ გაიზიაროს წარმატებული პრაქტიკა, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით.

„კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა, – ამბობს საჩხერის #2 საჯარო სკოლის დირექტორი ლიკა გომართელი, – აქტივობათაგან ერთი გახლდათ ის, რომ უნდა დაგვესახელებინა ჩვენი სკოლის ხუთი ძლიერი მხარე. ჩვენს სკოლაში უცხო ენას გაძლიერებულად ვასწავლით, რაც STEM საგნების (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინჟინერია) სწავლებაში გვეხმარება. კონკურსის ორგანიზატორებს ვაჩვენეთ, თუ რამდენად წარმატებულები არიან ჩვენი მოსწავლეები სხვადასხვა კვლევით პროექტებსა და ექსპერიმენტებში. გარდა ამისა, ჩვენი სკოლა გამოირჩევა იმითაც, რომ გვაქვს ინტეგრირებული სწავლების მეთოდი, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, რომ სხვადასხვა პროფესიებს დაეუფლონ.

მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად არაერთ პროექტს ვახორციელებთ. ხელს ვუწყობთ მშობლების ჩართულობას სწავლა-სწავლების პროცესში. სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბეთ მშობელთა სკოლა. ყველაფერი ეს მოეწონათ და გვთხოვეს, ჩვენი აქტივობების დამადასტურებელი ფოტო-ვიდეო მასალა წარგვედგინა. ჩვენმა მასალებმა მოწონება დაიმსახურა და საჩხერის #2 საჯარო სკოლა მსოფლიოს ას წარმატებულ სკოლას შორის მოხვდა.

ამის შემდეგ ონლაინპრეზენტაცია გაიმართა. ჩვენი სკოლის მასწავლებლები, დირექციის წარმომადგენლები და მოსწავლეები, დიდ სიხარულთან ერთად, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდით, რადგან საქართველოს მხოლოდ ჩვენ წარმოვადგენდით. ონლაინპრეზენტაცია 8 სექტემბერს შედგა და მას ესწრებოდნენ  საქართველოს 4000 მოსწავლე და მასწავლებელი, საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და პროექტის უცხოელი წარმომადგენლები. პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა“.

ამ ღონისძიებას მხარს უჭერდა ორგანიზაცია „განათლება ყველასათვის“.

ამავე თვეში საჩხერის #2 საჯარო სკოლას მეორე წარმატებაც ჰქონდა, სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსში გამარჯვების სახით.

„მე, როგორც სკოლის დირექტორმა, ამ კონკურსში ავიღე პირველი ადგილი და უმაღლესი ჯილდო. დაახლოებით ერთი წელი მიმდინარეობდა სკოლის დირექტორების კონკურსი. შევიტანე  განაცხადი. ათი ფინალისტი შეირჩა, მათ შორის მეც. 19 სექტემბერს გაიმართა დაჯილდოება. 30 000 ლარით დაგვაჯილდოვეს. ვაპირებთ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ სკოლაში ინგლისურისა და STEM საგნების სწავლება. სწორედ ამიტომ მოგებული თანხით შევიძენთ ვირტუალურ და რეალურ ლაბორატორიებს. ეს მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო საინტერესოს გახდის საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას“, – ამბობს ლიკა გომართელი.

სკოლა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინტეგრირებული სწავლების მეთოდით გამოირჩევა. აქ მოსწავლეებს შეუძლიათ მზარეულის, კონდიტერის, IT ტექნოლოგის, დიზაინერის, ელექტრიკოსისა და დურგლის პროფესიების დაუფლება. ეს ხელს უწყობს მოსწავლეებს, გაკვეთილზე მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გადაიტანონ. საჩხერის სხვა სკოლის მოსწავლეებსაც შეუძლიათ ჩვენს სკოლაში ამ პროფესიების შესწავლა.

„ბავშვები დაინტერესებულები არიან. პანდემიის პირობებში ჩვენ ვერ განვაახლეთ ეს კურსები, რადგან ძნელია რეგულაციების დაცვა. მოსწავლეები ყოველდღე მეკითხებიან, თუ როდის ექნებათ კურსებზე დასწრების შესაძლებლობა. სკოლაში პროფესიული განათლება ძალიან ბევრ რამეს უკეთესობისკენ ცვლის. ჯერ არის და, მოზარდი ყველაფერს პრაქტიკულად აკეთებს. გარდა ამისა, ეს კარგი თერაპიაა მათთვის. ბავშვი კარგ საქმეს უთმობს დროს. საკუთარი თავი მოსინჯეს სხვადასხვა პროფესიებში; მაგალითად, გოგონებმა დურგლის სპეციალობა შეისწავლეს, ბიჭებმა კონდიტერია. ეს კი ცვლის საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს ე.წ. ქალის და კაცის პროფესიებთან დაკავშირებით. პროფესიის შემსწავლელ გაკვეთილებზე მოსწავლეების ბედნიერ სახეებს ვხედავ. ბუნებრივია, ეს გასულია ტრადიციული გაკვეთილის ჩარჩოებიდან და ძალიან სახალისო პროცესს ქმნის“.

ლიკა ხიჯაკაძე