საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მძიმდება. ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 1595 ახალი შემთხვევა – 22 ოქტომბერს დაფიქსირდა.

ყველაზე მეტი ინფიცირებული თბილისშია. რაც შეეხება რეგიონებს, პირველ ადგილზეა აჭარა, მეორეზე – იმერეთი.

როგორ იმართება სიტუაცია, რა გამოწვევების წინაშეა ჯანდაცვის სისტემა და რა რეგულაციების დაცვაა აუცილებელი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე გვესაუბრება:

– ვითარება ყოველდღიურად მწვავდება. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ ეტაპისათვის იმერეთში პროცესებზე ზედამხედველობის რესურსი საკმარისია, შეგვიძლია კონტაქტებისა და კლინიკურად დადასტურებული შემთხვევების მართვა. სადავეები ხელიდან  არ გაგვქცევია.

ინფექციის კლინიკურ მართვაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის – ოჯახის ექიმების შესაძლებლობებს აქტიურად ვიყენებთ, – შედარებით მსუბუქ და უსიმპტომო პაციენტებს ბინაზე ვმკურნალობთ. ამასთან, დამატებითი რესურსებია მობილიზებული კოვიდსასტუმროებსა და ცხელების ცენტრებში.

ასეთი მენეჯმენტი გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ დღეისათვის ჩვენ კორონავირუსის პანდემიას ვმართავთ!

ინფიცირებულები იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტში გვყავს. ბოლო დღეებში ზესტაფონში განსაკუთრებით მოიმატა და 22 ოქტომბრის მდგომარეობით 100-ს გადააჭარბა. თუმცა გავრცელება შიდა კლასტერულია. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ადამიანები კიდევ ვერ აცნობიერებენ და არ ითვალისწინებენ იმ რეკომენდაციებს, რასაც ჩვენი ეპიდემიოლოგები გვაძლევენ.

ეპიდემიოლოგიების რეკომენდაციები ამ შემთხვევაში ცალსახაა, – როდესაც  ოჯახის წევრი ინფიცირებულია, ის აუცილებლად უნდა იყოს იზოლირებული. თუ არ აქვს იზოლირების შესაძლებლობა, ვეუბნებით, რომ გადავიყვანთ შესაბამის საკარანტინო სივრცეში, კოვიდსასტუმროში ან  ცხელების ცენტრში.

უნდა ვიფიქროთ არა საკუთარ თავზე, არამედ იმ ადამიანებზე, ვინც ჩვენს გვერდით არის, ვინც ქრონიკულად დაავადებულია – აქვს დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, ჭარბი წონა.

ახალგაზრდა, ჯანღონით სავსე, კარგი იმუნიტეტის მქონე ადამიანებმა, შესაძლოა, სრულიად უსიმპტომოდ გადაიტანონ ვირუსი, მაგრამ რას ვერჩით სხვას, რას ვერჩით ჩვენს მშობლებს, ბებია-ბაბუებს, ქრონიკულად დაავადებულებს?!  მათაც ხომ უნდათ სიცოცხლე, მათაც ხომ უნდა გავუფრთხილდეთ?!

იმერეთში ამ ეტაპზე ყველაზე ნაკლები შემთხვევა ხარაგაულშია. ინფიცირებულთა კონტაქტებიც  ოპერატიულად გამოვლინდა. ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ოპერატიულად იმოქმედეს. იმედი მაქვს, მოსახლეობის რაციონალური მიდგომით ამ პოზიციებს შევინარჩუნებთ.

ხარაგაულის საავადმყოფოს კოვიდცენტრად გადაკეთება იმერეთში ინფიცირების ზრდითაა გამოწვეული. ხარაგაულისა და ბორითის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები ერთ-ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული სამედიცინო დაწესებულებებია, სადაც კოვიდპაციენტების მკურნალობა შესაძლებელია.

უმართავი სიტუაცია, საბედნიეროდ, არსადაა. ჭიათურაში ერთ-ერთი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ერთეული შემთხვევებია საჩხერეშიც. საჩხერეში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ჰოსპიტალია, სადაც კოვიდინფიცირებულები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მიჰყავთ. თუმცა საჩხერეშიც და ჭიათურაშიც შიდა გავრცელების  შემთხვევებია. მათი ყველა კონტაქტი მოძიებულია და სიტუაციას ვმართავთ.

არ გამოვრიცხავ, რომ მატება გვექნება, რადგან მოსახლეობის მობილობას ვერ ვზღუდავთ.

კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ – დაიცავით სოციალური დისტანცია, ატარეთ პირბადე, ხშირად დაიბანეთ ხელები. ამ დაავადების პრევენციისა და მართვისთვის ჯერ ამ რეკომენდაციებზე უკეთესი არაფერი არსებობს.

მხოლოდ პირბადის გამოყენებაც არაფერს მოგვცემს, თუ ხელების ჰიგიენას არ მივაქციეთ ყურადღება, თუ ჩვენი სამუშაო სივრცეები ხშირად არ გავანიავეთ, არ დავამუშავეთ  სველი წესით ხშირად შეხებადი ზედაპირები – სახელურები, ელექტროენერგიის ჩამრთველ-გამომრთველები და სხვ.

პირბადის გამოყენების წესი გამკაცრდა. აქამდე თუ ვითხოვდით, რომ პირბადეები დახურულ სივრცეში გვკეთებოდა, ახლა სავალდებულოა, რომ ღია სივრცეებშიც გამოვიყენოთ. პირბადე ადამიანს უნდა ეკეთოს მაშინ, როცა ახლო დისტანციაზე სხვა ადამიანთან საუბრობს.

ურთულეს ფაზაში შევდივართ – ახლა გვეწყება რესპირატორული ინფექციები და ძალიან ბევრი ცრუ გამოძახება გვექნება. ეს სამედიცინო სისტემისათვის უდიდესი გამოცდაა. გრიპის ოთხი ქვეტიპია, რომელიც ამ სეზონზე მუდმივად ცირკულირებს. ამას ენტეროვირუსები, ადენოვირუსები, პარაგრიპები ემატება. წარმოგიდგენიათ, რა გამოცდის წინაშე ვდგავართ?! ასეთ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის სწორი დამოკიდებულება და გონივრული მიდგომა.

რესპირატორული სიმპტომებისას დარჩით სახლში, დაუკავშირდით ოჯახის ექიმს, გაიარეთ მასთან კონსულტაცია. თუ ტემპერატურა მაღალია და საჭიროა თქვენი გადაყვანა, მდგომარეობა ისევ ოჯახის ექიმის მეშვეობით დაარეგულირეთ.

თუ 112 ვერ უზრუნველყოფს თქვენს გადაყვანას, ისევ ოჯახის ექიმთან შეთანხმებითა და რეკომენდაციით ცხელების ცენტრებს მიმართეთ. იქ შესაბამისი კონსულტაცია და ლაბორატორიული ტესტირება ჩაგიტარდებათ. ნურავითარ შემთხვევაში ქაოტურად წინ და უკან ნუ ირბენთ.

საპანიკო არაფერია. პანიკა უფრო რთულ სიტუაციაში ჩაგვაგდებს.

ყველას გთხოვთ, დიდი შეკრებებისაგან თავი შევიკავოთ. თუ ყველა რეკომენდაციას დავიცავთ, დაავადების მართვას შევძლებთ. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის თვალსაზრისითაც.

ნინო კაპანაძე