ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსი 337 პირმა დაამარცხა, ხოლო 14 პაციენტი გარდაიცვალა.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით,ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საწოლების საკმარისი რაოდენობა არ არის, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდა გვაქვს და ეს ზრდა გაგრძელდება. დღეს რესურსები გვაქვს, მაგრამ არ ვიცით, ხვალ რა იქნება. ხვალინდელი მდგომარეობა დამოკიდებულია თქვენზე, თუ როგორ დაიცავთ რეკომენდაციებს,“ – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ განათლების სფეროში მოსალოდნელი იყო ინფიცირების დაფიქსირება.

„იმერეთის რეგიონს სამი ახალი კლინიკა დაემატება, ხოლო კონკრეტულად ქუთაისში კი ორი. ჩვენ არ ვთვლით, რომ საწოლფონდის დეფიციტი არსებობს. მოლოდინი გვქონდა, რომ განათლების სფეროში მოხდებოდა ვირუსის გავრცელება. ჩვენ მხოლოდ ლოკალურ და წერტილოვან გადაწყვეტილებებს მივიღებთ ამ შემთხვევებზე,“ – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, მომავალ ორ-სამ კვირაში შემთხვევების კლება მოსალოდნელი არ არის. შესაძლოა, პანდემია კიდევ ერთი წელი გაგრძელდეს.

„ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, გემოსა და ყნოსვის დაკარგვა, – თუ ეს სიმპტომები აღმოგაჩნდათ, ექიმს უნდა დაუკავშირდეთ. ექიმი გეტყვით, გჭირდებათ თუ არა წამალი და უნდა დარჩეთ თუ არა ბინაზე.  პანიკა ცუდი მტერია. სიტუაცია არ არის მარტივი. პანდემია არ ჩერდება მსოფლიოშიც. ჩვენ ვირუსთან თანაცხოვრება კიდევ ერთი წელი მოგვიწევს,“ – ამბობს ამირან გამყრელიძე.