ცესკო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს საარჩევნო კომისიის ფუნქციების მქონე სპეციალური ჯგუფების მომსახურებით შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. კერძოდ, ცესკო მუნიციპალიტეტებში საოლქო საარჩევნო კომისიების მოქმედების საზღვრებში შექმნის არანაკლებ ერთ საარჩევნო უბანს და დააკომპლექტებს სპეციალურ ჯგუფებს.

სპეციალური ჯგუფის წარმომადგენელები უზრუნველყოფენ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინში მყოფ ამომრჩევლებთან საარჩევნო ყუთის მიტანას. ამასთან, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, ექნებათ შესაძლებლობა საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურების მოთხოვნით.

სპეციალური ჯგუფის თითოეული წევრი, მათ შორის საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე აღჭურვილი იქნება შესაბამისი ეკიპირებით, კერძოდ, ერთჯერადი ხალათით, ნიღბით, ხელთათმანით, დამცავი ფარითა და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით.

სპეციალურ უბნებსა და მის წევრებს არ ექნებათ შეხება ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებთან და შესაბამის პროცესთან.
ხმების დათვლა განხორციელდება არა საკარანტინო სივრცეებსა თუ სამედიცინო დაწესებულებებში, არამედ ცალკე, სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებში.

კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისი წესების დაცვით დამკვირვებლებს, მედიას და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა გაყვნენ გადასატან საარჩევნო ყუთს, დააკვირდნენ კენჭისყრის დღის მიმდინარეობას და ხმების დათვლის პროცესს.