რვა წლის წინ სოფელ ვაშლევში მანანა ბარბაქაძემ ტაძრის აშენება გადაწყვიტა. მისი ძალისხმევით, თანასოფლელთა და კეთილი ადამიანების თანადგომით ვაშლევში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძართან ერთად დედათა მონასტერიც აიგო.

16 ნოემბერს ტაძარი და მონასტერი მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) სასულიერო პირებთან ერთად აკურთხა. ტაძარში პირველი წირვა ჩატარდა.

„გილოცავთ მნიშვნელოვან დღეს, – მიმართა წირვის შემდეგ ქადაგებისას მეუფე დიმიტრიმ მრევლს, – ეს დღე ღირსშესანიშნავია როგორც ჩვენი ეპარქიის, ისე სრულიად საქართველოს ისტორიაში. ღვთის მადლითა და განგებით, კეთილი ადამიანების დახმარებით, კიდევ ერთი ტაძარი იკურთხა, ამოქმედდა კიდევ ერთი დედათა მონასტერი. მადლობა და დიდება უფალს დღევანდელი დღისათვის.“

მეუფე დიმიტრიმ განსაკუთრებულად აღნიშნა ქალბატონ მანანა ბარბაქაძის ღვაწლი ტაძრის აშენების საქმეში: „სიცოცხლეში ალბათ ძნელად მიხვდება ადამიანი იმ მადლსა და სიკეთეს, რაც მან გააკეთა ასეთი საქმის აღსრულებით. საუკუნეები რომ გავიდეს და აქ აღარავის ახსოვდეს ამ ეკლესიის აღმშენებელთა სახელები, ყოველი წირვის დროს მათ მოიხსენიებენ ლოცვებში. ეკლესიის აშენება ძალიან დიდი მადლია. ღმერთმა მოგცა ეკონომიკური თუ ფიზიკური შესაძლებლობა და გონება იმისა, რომ ეს შენი საშუალება სწორად გამოიყენო და წარმართო. ვიცნობთ ადამიანებს, რომელთაც მეტი საშუალება აქვთ, ვიდრე ქალბატონ მანანა ბარბაქაძეს, მაგრამ აზრადაც არ მოსდით ასეთი დიდი საქმის კეთება, რასაც ტაძრის და მონასტრის შენება ჰქვია. ასეთ ადამიანს განსაკუთრებული წყალობა აქვს ღვთისაგან. ქალისთვის რთულია ასეთ საქმესთან შეჭიდება, მაგრამ ღვთის შეწევნით ყველაფერი შესაძლებელია. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ტაძრის მშენებლობაში.“

ქადაგებისას მეუფე დიმიტრიმ აღნიშნა, რომ ვაშლევში ეკლესიის ამოქმედებით კიდევ უფრო მეტ ადამიანს ექნება საშუალება, მიეახლოს ქრისტეს ეკლესიას. „უნდა გვახსოვდეს, რომ ტაძრის აშენებით და კურთხევით არ მთავრდება მსახურება. კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი მონასტერში, ბევრი უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ტაძარმა და მონასტერმა მიიღოს სრულყოფილი სახე. რაც მთავარია, მონასტერში უნდა მომრავლდნენ დედები და ტაძარში – მრევლი.“

მეუფე დიმიტრის კურთხევით ეკლესიაში მწირველ მღვდლად მამა დამიანე დადგინდა, ხოლო დედათა მონასტრის წინამძღვრად – დედა თეოდორა. „ამ სოფლის მკვიდრთ გაგიმართლათ, – მიმართა მეუფემ მრევლს, – მამა დამიანე და დედა თეოდორა ახალგაზრდები არიან, ჯან-ღონით სავსენი, ენერგიული ადამიანები და ვფიქრობ, ისინი მაქსიმუმს გააკეთებენ, რომ სოფლის მოსახლეობამ შეიგრძნოს მადლი მოქმედი ტაძრისა და მონასტრისა. ამიტომ მათდამი მხარდაჭერა და გვერდში დგომა აუცილებელია.“

მეუფე დიმიტრიმ მადლობა გადაუხადა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელ კობა ლურსმანაშვილს. „მან დიდი დახმარება გაგვიწია მონასტრის სრულყოფაში. ყველას ვერ ჩამოვთვლი, ვინც ტაძრისა და მონასტრის მშენებლობაში მონაწილეობდა, მაგრამ სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს და თითოეულ მათგანს მიაგებს დიდ ჯილდოსა და სიხარულს გაწეული შრომისთვის.

ღმერთმა დაგლოცოთ. მრავალი ტაძრისა და მონასტრის გახსნას დაგასწროთ. დედა ღვთისმშობელი შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს, ამინ.“

ნინო კაპანაძე

ფოტოებზე: ვაშლევში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კურთხევისას

DEDATA_MONASTERI

MEUFE_DIMITTRI

MGALOBLEBI_TAZARSHI

MEUFIS_QADAGEBA

MREVLI_TAZARSHI

VASHLEVIS_TAZARI