საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის 2016 წლის კვლევის მიხედვით, 18-35 წლის ახალგაზრდები საარჩევნო პროცესებით ნაკლებად ინტერესდებიან. გამოკითხული ახალგაზრდების 80% საჯარო მოხელეებსა და კანონმდებლებს არ ენდობა.

რას ელოდებიან 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებისგან, რა და როგორ უნდა შეცვალოს მათმა რჩეულმა პარლამენტარმა შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში, რატომ მიიჩნევიან ახალგაზრდები პასიურ ამომრჩევლებად და რა მიაჩნიათ ხარაგაულში ყველაზე დიდ პრობლემად, – ამ საკითხებზე ხარაგაულელი ახალგაზრდები საუბრობენ.

თინა დავაძე, 27 წლის, ხარაგაულში მცხოვრები: -ამ საპარლამენტო არჩევნებისგან ბევრ სიახლეს ველოდები. ჩემმა რჩეულმა პარლამენტარმა მინდა, რომ წინამორბედების შეცდომები აღარ გაიმეოროს. მთავარი პრობლემა დღეს კორუფციის აღმოფხვრაა და ამაზე კანონმდებლებმა უნდა იზრუნონ. ხარაგაულში მძიმე სოციალური ფონია, რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა პრობლემების სათავეა.

ნინო ლაცაბიძე, 20 წლის, ხარაგაულში მცხოვრები: -არჩევნებისგან სიახლეებსა და უკეთესობისკენ ცვლილებას ველოდები. საარჩევნო პროცესებში წელს პირველად  ჩავერთე. ყველაზე მტკივნეული საკითხი ხარაგაულისთვის ახალგაზრდების სიმცირეა. ვინც სკოლას ამთავრებს, ერთადერთი გზა აქვს – წავიდეს დიდ ქალაქში სწავლის გასაგრძელებლად და სამსახურის მოსაძებნად. მუდმივად ერთფეროვან გარემოში ყოფნა რთულია. ახალგაზრდისთვის ხარაგაულში სამუშაო ადგილი არ არის. დაამთავრა უნივერსიტეტი და არ აქვს მოტივაცია, რომ დაბრუნდეს.

ჩემი რჩეული პარლამენტარისგან ველოდები, რომ ამ სააკითხებზე ყურადღებას გაამახვილებს და ხარაგაულში ახალგაზრდებისთვის ცხოვრებას უფრო მიმზიდველს გახდის.

საშიკო ხიჯაკაძე, 28 წლის, ვარძიაში მცხოვრები: -ამ არჩევნებიდან ბევრ სიახლეს ველოდები. საარჩევნო პროცესებში, წინა წლებისგან განსხვავებით, ბევრი ახალგაზრდა ჩაერთო. ეს დადებით მუხტსა და სტიმულს მაძლევს. ადამიანებისგან მუდმივად მესმოდა, რომ არჩევნებზე წასვლა არ სურდათ, რადგან მათ ცხოვრებაში სასიკეთოდ არაფერი იცვლებოდა.

წლებია, ქართულ პოლიტიკაში ერთი და იგივე სახეები არიან. „ახალი სისხლი“ საჭიროა და ამ არჩევნებიდან ასეთ სიახლეს ველოდები.

ჩემმა რჩეულმა პარლამენტარმა რეგიონების თანაბარ განვითარებაზე უნდა იზრუნოს. ხარაგაულიდან ახალგაზრდების, „ტვინების გადინება“ ხდება. ადამიანები, რომლებიც რეგიონებიდან მიდიან, ადგილზე აღარ ბრუნდებიან.

პარლამენტარმა სოფლის მეურნეობის გაძლიერებას და ამ კუთხით ახალგაზრდების დაინტერესებას უნდა შეუწყოს ხელი. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ ახალგაზრდას თავის ფესვებთან დაბრუნება სურს. ხელისუფლება ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით მილიონობით ლარი გაიცა, თუმცა, დაწყები ფერმერი არ ფინანსდება. თუ ძლიერი ფერმერი ვარ, 5 ათას ლარიანი გრანტი ან იაფი კრედიტი აღარ დამჭირდება.

ვახტანგ მაქაძე, 19 წლის, ქროლში მცხოვრები: -ამ არჩევნებიდან უკეთეს ცხოვრებას, დემოკრატიის გაძლიერებას ველოდები. თუ პარლამენტში ბევრი პარტია იქნება, ეს აზრთა მრავალფეროვნებას შექმნის. ჯანსაღი დებატებით ჭეშმარიტება იბადება.

ჩემმა რჩეულმა პარლამენტარმა, მინდა რომ ჩემი საჭიროება დაინახოს. მინდა, უმაღლესში მიღებული ცოდნა ხარაგაულს მოვახმარო; არ დავრჩე დედაქალაქში და უცხოეთში წასვლაზე აღარ ვიფიქრო.

ხარაგაულში უმთავრესი პრობლემა უმუშევრობა და ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობაა. ბევრ სოფელში გზებზე გადაადგილება ჭირს.

ლუკა გურგენიძე, 18 წლის, ხარაგაულში მცხოვრები: – წელს არჩევნებზე პირველად მივდივარ. მიხარია, რომ მოქალაქეობრივ ვალს მოვიხდი. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ჩემი აზრით, საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა. ჩვენს ერთ ხმას ქვეყნის მომავლის შეცვლა შეუძლია. მიხარია, რომ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში მივიღებ მონაწილეობას, როგორიცა ხარაგაულის მინიციპალიტეტის მერისა და მაჟორიტარის არჩევაა.

საზოგადოებაში არჩევნებთან დაკავშირებით არსებობს ნიჰილისტური დამოკიდებულებაც. ადამიანთა გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ მისი აზრის დაფიქსირებით არაფერი შეიცვლება.

არჩევნებზე ყველა ჩემი მეგობარი მიდის. უფროსი თაობისგან განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. ისინი სხვა დროის საქართველოში დაიბადნენ და გაიზარდნენ. მოუწიათ საბჭოთა კავშირში გამეფებულ ტოტალურ რეჟიმში ცხოვრება. ჩვენ დაბადებიდან დემოკრატიულ საქართველოში, თავისუფლების შეგრძნებით ვცხოვრობთ. შესაბამისად, გარკვეულ საკითხებზე და, მათ შორის არჩევნების თემაზე, განსხვავებული შეხედულებები გვაქვს.

არჩევნებზე მიუსვლელობა ნიშნავს, რომ ქვეყნის ბედის მიმართ გულგრილი ხარ. მომავალშიც ყოველთვის მივალ არჩევნებზე და აქტიური მოქალაქე ვიქნები.

მოამზადა ნინო კაპანაძემ