ყველანაირად ვეცდებით, რომ ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობისას გარემოზე ზემოქმედება იყოს მინიმალური, – აღნიშნა ხარაგაულსა და მოლითში მოსახლეობასთან შეხვედრაზე შპს „კოქს კონსალტის“ გარემოს დაცვის კონსულტანტმა სამეულ საპუაიმ. მან ჯგუფის ხელმძღვანელ არი კალიოკოსკისთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელ ლუიზა ბუბაშვილთან ერთად მოქალაქეებს გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი გააცნო.

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კილომეტრიანი საავტომობილო გზა თბილისი-ლესელიძის ავტომაგისტრალის ალტერნატიული გზა იქნება. სამშენებლო სამუშაოების დროს გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებები გატარდება. გზის სიგანე იქნება 8,5 მეტრი.

გზის მშენებლობისას დაიკარგება ნიადაგის ნაყოფიერი ზედაპირი. ამიტომ ეროზიის თავიდან ასაცილებლად დაიგება ბალახის საფარი.

მშენებლობისას გამოწვეულმა ხმაურმა რომ მოსახლეობა არ შეაწუხოს, სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ დღის განმავლობაში განხორციელდება და გამოიყენება ხმის ჩამხშობი მოწყობილობა.

ასფალტის ქარხანა დასახლებული პუნქტიდან 500 მეტრის დაშორებით მოეწყობა.

გზის მშენებლობა, ფაქტობრივად, მდინარის გასწვრივ იწარმოებს. ამიტომ უმნიშვნელოვანესია სალექარების გამოყენება.

კონტრაქტორისთვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ არ მოიჭრას არც ერთი ხე და არ დაზიანდეს გზაზე მდებარე მონუმენტები.

გზის მშენებლობისას შეფერხდება ტრანსპორტის გადაადგილება. აუცილებელია შემუშავდეს ტრანსპორტის მართვის გეგმა და საგზაო უსაფრთხოების ნიშნები მოძრაობის გასაკონტოლებლად.

საჭირო გახდება მიწის გამოსყიდვა. კონტრაქტორმა უნდა შესწავლოს ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირების ნაგებობები და საკუთრება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელის, ლუიზა ბუბაშვილის განმარტებით, პროექტს განახორციელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება, რომ გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი ყველა ღონისძიება დაიცვას. მშენებელს ეყოლება ზედამხედველი, იმუშავებს მონიტორინგის ჯგუფი და ყველაფერი მაქსიმაურად გაკონტროლდება,

მოსახლეობასთან შეხვედრისას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშილმა აღნიშნა, რომ ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობა მნიშვნელოვანია ხარაგაულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის. მისივე თქმით, გზის მშენებლობისას მაქსიმალურად უნდა დაიცვან გარემო და მოსახლეობის ინტერესები.

ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ აღნიშნა, რომ ეს პროექტი გამოაცოცხლებს ჩხერიმელას ხეობას. „ყველაფერს სჭირდება ფხიზელი თვალი. კარგია, რომ მოსახლეობა დაინტერესდა. ინტენსიურად ვურთიერთობთ გზის მშენებლობის დონორ აზიის განვითარების ბანკთან.“

შპს „კოქს კონსალტის“ წარმომადგენლებმა უპასუხეს მოსახლეობის შეკითხვებს.

მოლითში მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გზის მშენებლობაზე მუშა-ხელის 70% ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.

დეკემბერში ან მომავალი წლის იანვარში მოსახლეობასთან განიხილება განსახლებასთან და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული საკითხები.

ნინო კაპანაძე

ფოტოებზე: მოსახლეობასთან შეხვედრა ხარაგაულსა და მოლითში

xalxis_shexvedra

shexvedra_gzaze

moliti_shexvedra