ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მუშაობის ანგარიში დადებითად შეაფასა. ანგარიშში კომისიის ბოლო ერთი წლის მუშობაა ასახული.

„კომისიის ჩართულობით, ბიუჯეტის პროგრამულობის მხრივ, 2020 წლის ბიუჯეტში გარკვეული პროგრესი გვაქვს“, – აღნიშნულია კომისიის ანგარიშში. კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი განმარტავს, რომ ბიუჯეტის განხილვის პროცესში ყველა მუნიციპალურ ააიპს მოსთხოვეს მათთვის განსაზღვრული თანხების შესაბამისად განსახორციელებელი აქტივობების მიზნებისა და და ამოცანების დაკონკრეტება.

„ბიუჯეტიდან სუბსიდიით დაფინანსებულ ორგანიზაციებს გავუჩინეთ ვალდებულება და განცდა, რომ მათი პასუხისმგებლობა გაზრდილიყო; თითოეული თეთრი გაეხარჯათ დასაბუთებულად და კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებულად. არ ვამბობ, რომ ეს იყო იდეალური ვარიანტი, მაგრამ ჩვენ შევეცადეთ, მაქსიმალურად მივახლოებოდით პროგრამულ ბიუჯეტს. დაგეგმილი ღონისძიებები, პანდემიის გამო, შეზღუდულად განხორციელდა. თუმცა, პროგრამულობის თვალსაზრისით, ჩვენ გარკვეული ნაბიჯი ნამდვილად გადავდგით“, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.

კომისიამ საბიუჯეტო სახსრების ათვისების დაბალი მაჩვენებლის გამო მუნიციპალურ სამსახურებს არაერთხელ მიმართა, დროულად განეხორციელებინათ ყველა კანონიერი ღონისძიება საბიუჯეტო სახსრების ათვისების მიზნით, ეს განსაკუთრებით მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს შეეხებოდა, რადგან ინფრასტრუქტურის მხრივ, 3 თვის და 6 თვის ბიუჯეტის შესრულების შედეგებში დაბალი მაჩვენებელია.

„ამ პრობლების აღმოსაფხვრელად საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ ყველა შესაძლო ღონისძიება განახორციელა, თუმცა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის კარი ჩვენთვის და არა მხოლოდ ჩვენთვის „დახურული“ იყო, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – ეს სამსახური არ აანალიზებდა, რამ გამოიწვია ეს პრობლემა ხარაგაულში.

ინფრასტრუქტურის მიმართულებით პრობლემა იყო პრიორიტეტების გამოკვეთა; მეწარმე-სუბიექტების მიმართ ავანსების დიდი ოდენობით გაცემა; პროექტში გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის არამართლზომიერად გადავადება. ამ პრობლემებზე საკრებულომ მერიას არაერთხელ მიუთითა, თუმცა უშედეგოდ. მე აქ არა მხოლოდ ერთი სამსახურის, არამედ რამდენიმე სამსახურისა და პიროვნების პასუხისმგებლობას ვხედავ,“ – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.

კომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს „ხარაგაული 2011“ ვერ უზრუნველყოფს მომგებიან საქმიანობას და ვერ ახერხებს მუნიციპალური ტექნიკის მოვლა-შენახვას. ამიტომ კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს ორგანიზაციის ამ ფორმით არსებობის საკითხის გადახედვას.

ვარლამ ჭიპაშვილი განმარტავს, რომ „შპს „ხარაგაული 2011“-ის საქმიანობა, ორგანიზაციის ფინანსური ხარჯები და შემოსავლები კომისიამ წლის განმავლობაში ორჯერ შეისწავლა. სწორედ ამ დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ორგანიზაციას მუნიციპალიტეტისათვის სარგებლობა ვერ მოაქვს.

საგაზაფხულო სამუშაოები ისე ჩატარდა, რომ ტექნიკა მწყობრში არ ყოფილა; ზამთარში კერძო პირის ტრაქტორს და მომსახურებას ვქირაობთ, რომ სოფელში გზები გაიწმინდოს, მაშინ როცა ეს საქმიანობა სწორედ ამ შპს-მ უნდა განახორციელოს. სწორედ ამიტომ ამ ორგანიზაციის ამ ფორმით არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშაა“.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა კომისიის ანგარიშში ბიუჯეტის შესრულების შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ბიუჯეტის შეუსრულებლობის ერთ-ერთ მიზეზად პანდემია შეგვიძლია დავასახელოთ.

„პანდემიიდან გამომდინარე, გარკვეული შემოსავლების მობილიზება ბიუჯეტში ვერ მოხდა, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, მუნიციპალურმა ააიპებმა გარკვეული მომსახურებების გაწევა ვერ მოახერხეს. კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში ღონისძიებები არ ჩატარებულა. საბავშვო ბაღებს არ უმუშავია. მუნიციპალიტეტში მიმდინარე მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები, გარკვეული დროის განმავლობაში, შეჩერდა.

ამის გამო ბიუჯეტის შესრულებას საფრთხე შეექმნა. ბიუჯეტის შეუსრულებლობის მთავარ მიზეზად წინა წლებიდან გადმოყოლილი შეუსრულებელი ვალდებულებები შეიძლება დასახელდეს. 2018 წელს განსახორციელებელი პროექტი 2020 წელს ჯერ კიდევ დაუსრულებელია. ეს ბიუჯეტისთვის დიდი ტვირთია. ამას ემატება ახალი ვალდებულებები. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის შედეგები, რაც ბიუჯეტის შესრულების თვალსაზრისით მივიღეთ“.

კომისიის ანგარიშში საუბარია ხარაგაულის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ ინვენტარიზაციის დაუსრულებელ პროცესზე. ვარლამ ჭიპაშვილის შეფასებით, ეს ფინანსური რისკია, რომელიც მუნიციპალიტეტმა თავიდან უნდა აიცილოს.

„ინვენტარიზაცია მნიშვნელოვანია. მუნიციპალურ ქონებას გაფრთხილება, მოვლა-პატრონობა სჭირდება. თუმცა, უპირველესად უნდა ვიცოდეთ, კონკრეტულად რა ქონებას ფლობს თვითმმართველობა, – რას უნდა გავუფრთხილდეთ. ეკონომიკის სამსახურის მთავარი სამუშაო მუნიციპალიტეტის საკუთრების პრივატიზაცია კი არ არის; მთავარია, – რაც გვაქვს, იმის აღრიცხვა და მოვლა-პატრონობა მოხდეს,“ – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.

თამთა გოგოლაძე