საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 12 272-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 211 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა ამ ეტაპზე 6538-ია. 6-ით გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი. კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში სულ 91 ადამიანი დაიღუპა.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იგეგმება პირბადის ტარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გამკაცრება.

„პირველი და უმთავრესი ღონისძიება კორონავირუსის წინააღმდეგ არის პირბადის ტარება. ვფიქრობ, ჩვენ ამ კუთხით გავამკაცრებთ ღონისძიებებს. ამ ეტაპზე, თბილისში  ტრანსპორტის შეჩერებასა და სხვა რეგულაციების გატარებაზე ვსაუბრობთ. თუმცა ეს არ წარმოადგენს პრობლემის  ნომერ პირველ გადაწყვეტას.

ნიღბების გამოყენების შემთხვევაში ჩვენ არ მოგვიწევს დამატებითი ღონისძიებების გატარება. დედაქალაქში დაინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. შესაბამისად მოხდება საწოლფონდის დამატება“.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ აჭარაში სიტუაცია დასტაბილურდა.

„თბილისში 178 ახალი შემთხვევაა, იმერეთში – 65, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 13, გურიაში – 1, ქვემო ქართლში – 15, შიდა ქართლში – 6. ამ ახალი შემთხვევებიდან უმრავლესობა არის სიმპტომიანი პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არ სჭარბობს დაინფიცირებულთა რაოდენობას. ვიმედოვნებ, რომ ბოლო ორ კვირაში სიტუაცია დასტაბილურდება.

მოგეხსენებათ, ქვეყანაში დიდი პოლიტიკური პროცესია, წინასაარჩევნო პერიოდია. მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, შეხვედრების დროს, გარე და ღია სივრცეშიც გამოვიყენოთ პირბადე. როგორც პოლიტიკოსებმა, ასევე საზოგადოებამ, ვისაც ისინი ხვდებიან. ამით უფრო მეტი პრევენცია იქნება ქვეყანაში ვირუსის გავრცელების“.