ჩხერიმელას ხეობის სკოლებში – წიფაში, მოლითში, ვახანში, ზვარესა და მარელისში დასაქმებული ხაშურელი მასწავლებლები მგზავრობის თანხის დაფინანსებას ითხოვენ.

საქმე იმაშია, რომ გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ისინი სახლებში საქალაქთაშორისო მატარებლებით ბრუნდებიან, რომლის ღირებულება შვიდი ლარია.

„კვირაში ხუთი დღე მიწევს ამ მატარებლით მგზავრობა, – ამბობს მარელისის სკოლის მასწავლებელი ირინე კუპატაძე, – ეს ჩემთვის ძალიან მძიმე ფინანსური ტვირთია.

პანდემიამდე ამ მატარებლით ერთ ლარად ვმგზავრობდით. „საქართველოს რკინიგზადან“ გვიპასუხეს, რომ კორონავირუსის პანდემიის დასრულებამდე ბილეთის თანხას ვერ შეცვლიან.

იმ ხარაგაულელ მასწავლებლებს, რომლებიც ჩხერიმელას ხეობის სკოლებში ასწავლიან, ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება მგზავრობის თანხას სრულად უფინანსებს. ჩვენც აქაური მოსწავლეების სწავლა-აღზრდას ვემსახურებით და ანგარიში უნდა გაგვიწიონ“.

მასწავლებლებმა ამ პრობლემის მოგვრება განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონულ ორგანიზაციას სთხოვეს და წერილობით მიმართეს.

ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი სებისკვერაძე ამბობს, რომ ამ საკითხს ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე აუცილებლად დააყენებს. თუმცა, ის თვლის, რომ მგზავრობის თანხა სხვა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელ ხარაგაულის სკოლებში დასაქმებულ ყველა მასწავლებელს უნდა დაუფინანსდეს.

ნინო კაპანაძე