ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა უმრავლესობა ეროვნულ პარკს ბორჯომიდამ სტუმრობს.

ამის ერთ-ერთი მიზეზი მოუწყობელი ინფრასტრუქტურაა.

2019 წელს მარელისის ხერგილამდე მისასვლელი ორი საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია უნდა დასრულებულიყო. ხიდები ისეა მწყობრიდან გამოსული, რომ ზედ გავლა სახიფათოა.

ხარაგაულელი საშიკო ხიჯაკაძე გასულ კვირაში მეგობრებთან ერთად მარელისის ხერგილზე იმყოფებოდა. ვერც ერთ საფეხმავლო ხიდზე გავლა ვერ შეძლო და იძულებული გახდა, მდინარეში გაევლო.

„ხელისუფლება მუდმივად ტურიზმის განვითარება-ხელშეწყობაზე საუბრობს, – ამბობს საშიკო ხიჯაკაძე, – აქ ტურისტი როგორ მოვა. მარელისის ხერგილისკენ მიმავალ გზაზე ერთგან ხიდის ადგილზე რკინის კონსტრუქციაა, მეორეგან – ხიდის ნაცვლად ხის მორია გადებული. სად ჩანს აქ ტურიზმის ხელშეწყობა?“

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაუკავშირდა და მარელისში ხიდების რეაბილიტაციის საკითხით დაინტერესდა.

უწყებიდან გვიპასუხეს, რომ მარელისში საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაციას 2019 წელს ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს „მარია“ აწარმოებდა. ეს სამუშაოები 2019 წლის 13 აპრილს უნდა დასრულებულიყო.

„შპს „მარიამ“ ვერ შეძლო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და მასთან ხელშეკრულება შეწყდა, – გვიპასუხეს სააგენტოდან, – ამჟამად შპს „მარიასთან“ სასამართლო დავა მიმდინარეობს.

ხელახალ ტენდერს მარელისში საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაციისთვის როდის გამოვაცხადებთ, ამ დროისთვის დადგენილი არ არის. სავარაუდოდ ეს იქნება მომავალი წლის გაზაფხული“.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: ასეთი საფეხმავლო ხიდია მარელისის ხერგილისკენ მიმავალ გზაზე