თეატრი და ხელოვნება კაცობრიობის დაბადების თანამდევია. ადამიანის ცნობიერების დასაბამიდან გაჩნდა სახიობა, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში იზრდებოდა და ყალიბდებოდა.

სცენის დიდოსტატს, ქართულ კინოში არაერთი განუმეორებელი სახის შემქმნელ აკაკი ვასაძეს, სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარესაც კი ბოლო სიტყვებად აღმოხდენია: „ნეტა სადაც მივდივარ, იქ თეატრი არისო?“

აი, ასეთები იყვნენ ალბათ ჩვენი ძველი დედა სცენის მოყვარეები, რომლებიც მე-19 საუკუნის დასასრულს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ხარაგაულის ე.წ. „სცენაზე“ თამაშობდნენ. მათი მოღვაწეობა და ენთუზიაზმი დღევანდელი გადასახედიდან დიდ მოწიწებასა და პატივისცემას იმსახურებს. მათ უდიდესი შრომის ფასად, სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა ეზოებში უხდებოდათ სცენის სახელდახელოდ მოწყობა.

არ იყო შენობა წარმოდგენების გასამართად, რეკვიზიტებს სახლებიდან ეზიდებოდნენ, სასცენო კოსტიუმებს ზესტაფონისა და ჭიათურის თეატრებში თხოულობდნენ. საჭირო საგნებსა და მოწყობილობებს გაჭირვებით აგროვებდნენ, მათთვის მცირე თანხაც კი ძნელად საშოვნელი იყო.

ხარაგაულის თეატრის ისტორიისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება გაზეთ „ცნობის ფურცელში“ 1903 წლის სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულ პატარა, მაგრამ მრავლისმეტყველ ინფორმაციას „…27 აგვისტოს, ხარაგაულის სცენის მოყვარეთ ადგილობრივ წიგნთ-საცავ-სამკითხველოს სასარგებლოდ, წარმოადგინეს „ჭკუისა მჭირს“ და „მონადირე“, წიგნთ-საცავს დარჩა 19 მანეთი“.

ფრიად საყურადღებოა, 1957 წელს იროდიონ ბოჭორიშვილის ავტორობით გამოცემული წიგნი „ორჯონიკიძის სარაიონო კულტურის სახლი“, 44-ე გვერდზე ვკითხულობთ: „… ლეონტი (ლევანტი) ჭიპაშვილს 1900 წლიდან განხორციელებული აქვს 100-ზე მეტი როლი“, ან კიდევ „იგი (ლეონტი ჭიპაშვილი) 1900 წლიდან სცენას ემსახურება. არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ სცენისმოყვარეობა მას სულიერ საზრდოდ, მეორე პროფესიად მიაჩნია…“

შორეულ, 1900-იან წლებში დაწყებული საქმიანობა უდიდეს ძალისხმევას, ენთუზიაზმს და თავგანწირვასაც მოითხოვდა. ხარაგაულმა მძიმედ გადაიტანა 1906 წლის იანვარში მომხდარი დარბევა-აწიოკება. ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელი ექსპედიციის მიერ მიყენებული სულიერი თუ მატერიალური ზარალი ადვილი დასავიწყებელი არ აღმოჩნდა. ამ გარემოებამ ერთგვარად შეაფერხა სცენისმოყვარეთა საქმიანობა, მაგრამ ახალგაზრდულმა შემართებამ ყველა სიძნელეს სძლია.

ტარტუს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ცნობილი პედიატრი 1930-60-იან წლებში, ასკალონ ლომსაძე გვიამბობს: „ჩვენ მაინც არ შევუშინდით ამ გარემოებას, არც სხვა დაბრკოლებებს, სიძნელეებს და ყოველ ზაფხულობით ვაწყობდით წარმოდგენებს, საღამოებს, რასაც ბევრ ენერგიას და შრომას ვახმარდით. რადგან შეგნებული გვქონდა, რომ ერთადერთი საშუალება ხალხში შეგნების შესატანად იმ დროს იყო მხოლოდ სცენა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო პროფესიული მსახიობების სცენა“.

ასკალონ ლომსაძესთან ერთად უკვე 1910 წლიდან ხარაგაულის თეატრალური ცხოვრების სულისჩამდგმელი შალვა ხარაძეა. ისევ არანაირი პირობები სპექტაკლების გასამართად, ისევ კეთილი ადამიანების ნება და დახმარება, მათ შორისაა სპირიდონ კიკნაძის ოჯახი. მათ ეზოში იმართება წარმოდგენები, ისევ მხოლოდ დიდი ენთუზიაზმი და სცენის სიყვარული.

იყო დიდი მატერიალური გაჭირვება, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ხარაგაულის სცენაზე ეთამაშათ მარო მდივანს, ვასო ურუშაძეს, გრიგოლ ჩარკვიანს, შალვა დადიანს; იუბილე გაემართათ კოტე ყიფიანისთვის, მოეწყოთ ილია ჭავჭავაძის ხსოვნის საღამო… შემდგომ წლებში, როცა დასს სანდრო ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობდა, მისი მოწვევებით და რეჟისორობით ხარაგაულის სცენაზე იმ დროისათვის ბევრ ცნობილ მსახიობს უთამაშია.

ხარაგაულის თეატრის ისტორიას ყოველთვის დაამშვენებს დიდი ვერიკო ანჯაფარიძისა და მიხეილ ჭიაურელის სტუმრობა 1920 წელს, ასევე იმავე 1920 წლის აგვისტოში ლაშეში, აბაშიძეთა საგვარეულო სახლში, ვასილ ურუშაძის რეჟისორობით დადგმული „დარისპანის გასაჭირი“, რომლის პრემიერას ავტორი – დავით კლდიაშვილი დასწრებია (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“ – 1920 წ. სექტემბერი).

20-30-იან წლებში ხარაგაულელ თეატრალებს ნოე აბაშიძე ხელმძღვანელობს. დასში თამაშობდნენ დავით ყიფშიძე (შემდგომში სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი), შემდგომში ცნობილი ქირურგი, პროფესორი სოფიო ბუაჩიძე, დამსახურებული პედაგოგები: დავით ჩიკვაიძე, სავლე აბულაძე, ლეონტი ჭიპაშვილი, მიხეილ გაბუნია, ანიკო კიკნაძე, ნინო ებანოიძე და სხვები. დასის მშვენება იყო უნიჭიერესი მარო ტაბატაძე, სერგო კიკნაძე, გიორგი ბლუაშვილი, კოტე აბაშიძე და ბევრი სხვა.

1938 წელს ხარაგაულში დაიწყო კულტურის სახლის მშენებლობა. შემდგომი ათწლეულების განმავლობაში ეს დაწესებულება იყო მაღალი კულტურის ნამდვილი სამჭედლო: ბიჭიკო (ივანე) აბაშიძე, ოთარ აბაშიძე, თამაზ კიკნაძე – ტრიადა, მათ ხომ ხარაგაულის შემოქმედებით ცხოვრებას საქვეყნო აღიარება მოუტანეს.

1944-50 წლებში ხარაგაულის თეატრს სახელმწიფო სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.

ხარაგაულელი მაყურებელი თეატრით სულდგმულობდა, აქ ჩქეფდა ეროვნული მისწრაფებები. ამ განცდებს იწვევდა ჰეროიკული სპექტაკლები, რომლებიც მრავლად იყო ხარაგაულის თეატრის  რეპერტუარში: „რობინ ჰუდი“, „გეგეჭკორი“, „პატარა კახი“, „სამშობლო“… ამ სპექტაკლებმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში აბობოქრებულ ტალღასავით გადაუარა საქართველოს თითქმის ყველა მოქმედი თეატრის სცენას. სპექტაკლის წარმატება განპირობებული იყო ბიჭიკო და ოთარ აბაშიძეების, ელგუჯა დეკანოსიძის ხიბლიანი თამაშით.

ეს ხანა ნათელ ფურცლად დარჩა ხარაგაულის თეატრის ისტორიაში. 1950-იან წლებში შემოქმედებითი პირველი ნაბიჯები გადადგეს შემდგომში ქართული კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა, სახალხო არტისტებმა, რეჟისორებმა იური კაკულიამ და დევი აბაშიძემ.

1959 წელს ხარაგაულის თეატრალურ კოლექტივს სახალხოს წოდება მიანიჭეს, რომელსაც დღემდე ატარებს.

თაობათა წარმატებული ცვლა ტრადიციად იქცა ხარაგაულის თეატრში.

1990 წელს სრულიად ახალგაზრდა რეჟოსორმა დიმიტრი ბოგვერაძემ დავით კლდიაშვილის უკვდავი „დარისპანის გასაჭირის“ განხორციელებით გურჯაანის ფესტივალზე მთავარი პრიზი დაიმსახურა. იგივე სპექტაკლს 1991 წელს ლატვიის ქ. ლიმბაჟის მოყვარულთა თეატრების ფესტივალზეც უდიდესი მოწონება ხვდა წილად.

სპექტაკლის წარმატება განპირობებული იყო თამაზ კიკნაძის, პაშა გიორგაძის, გივი ხარატიშვილის, ირინე ჩხეიძის, ნიკო დეკანოსიძის, თამარ იორდანიშვილის, ლუიზა კიკნაძის, მხატვარ გაიოზ შუბითიძის, მუსიკალური გამფორმებლის დალი მერაბიშვილის ოსტატობით.

1997-98 წლებში თამაზ კიკნაძის რეჟოსორობით დაიდგა  დ. კლდიაშვილის „სოლომონ მორბელაძე“, რ. ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“. ორივე სპექტაკლში მან მთავარი როლი შეასრულა. იმ პერიოდში რესპუბლიკაში შექმნილი უმძიმესი სოციალური გარემოს მიუხედავად, ბატონმა თამაზმა შეძლო, სრულიად ახალგაზრდული სპექტაკლი შეექმნა. მსახიობთა უფროს თაობას შესაშურ პარტნიორობას უწევდნენ ახალგაზრდები: თამთა მეტრეველი, თამარ მეტრეველი, გია მეგრელიშვილი, კოტე კიკნაძე, ნიკოლოზ მაჭავარიანი.

შემდგომ წლებში თითქმის შეჩერებული იყო სპექტაკლების დადგმა. დასი შემოიფარგლებოდა საკონცერტო პროგრამებით, რომლებსაც რაიონის სხვადასხვა სოფლებში ატარებდნენ.

2004 წლიდან ხარაგაულის თეატრალურ ცხოვრებას ირინე ჩხეიძე ჩაუდგა სათავეში. საოცრად წარმატებული იყო მისი პირველი ნამუშევარი „ლექსო, არ დაიკარგები!“. ლირიულ-დრამატული ჰეროიკული სპექტაკლი დიდი ენთუზიაზმით ითამაშა ახალგაზრდა თაობამ. მათთვის ეს სცენასთან პირველი ზიარება გახლდათ. ამ სპექტაკლში 17 ახალგაზრდის დებიუტი შედგა.

2005 წელს ირინე ჩხეიძის რეჟისორობითა და სცენარით დაიდგა გიორგი ლეონიძის კლასიკად ქცეული „ნატვრის ხე“. სპექტაკლი განმეორებით 2014 წელს ითამაშეს.

საქართველოში ჩატარებულ ნებისმიერ ფესტივალზე, სადაც კი ხარაგაულის თეატრი მონაწილეობდა, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველგან დიდი აღიარება მოიპოვა.

საეტაპო სპექტაკლი, რომელსაც დრო ვერ ერევა, იყო 2007 წელს ირინე ჩხეიძის სცენარითა და რეჟისორობით შექმნილი „თანამდევი სული“, რომელიც ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის 170 წლისთავს მიეძღვნა. ეს სპექტაკლი, სხვადასხვა წლებში, თითქმის 25-ჯერ ითამაშეს. 2012 წელს იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე მთავარი ნომინაცია „საუკეთესო სპექტაკლი“ დასტური იყო იმ დიდი აღიარებისა, რაც ამ სპექტაკლს ხვდა წილად.

2013 წელს კულტურის სამინისტროს მხარდაჭრით დასი თურქეთის ქალაქ ქემერში საერთაშორისო ფესტივალზე იმყოფებოდა, სადაც „თანამდევი სული“ „გრანპრით“ დაჯილდოვდა.

დაუვიწყარია 2014 წელს ბრიუსელში გამართული სპექტაკლი, რომელსაც ემიგრანტები ესწრებოდნენ არა მხოლოდ ბელგიიდან, არამედ ახლომახლო ევროპული ქვეყნებიდანაც. ეს შესაძლებელი გახდა ბელგია-ჰოლანდიის ეპისკოპოსის მეუფე დოსითეოსის (ბოგვერაძე) მიწვევითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.

2017 წელს აჭარის ტელევიზიამ ილია ჭავჭავაძის 180 წლისთავთან დაკავშირებით ჩაწერა ეს სპექტაკლი, მოხდა მათი დისკებზე გადატანა. დისკები გადაეცა მუნიციპალიტეტის ყველა სკოლას.

იმავე წელს ხარაგაულის თეატრი უკვე მესამედ იმყოფებოდა ლატვიაში სპექტაკლით „დარისპანის გასაჭირი“, მანამდე აჭარის ტელევიზიამ სპექტაკლი გადაიღო და „ოქროს ფონდში“ შეიტანა.

ყველა დიდი აღიარება, რომელიც თან სდევს ხარაგაულის სახალხო თეატრს, განპირობებულია ხარაგაულელების საყვარელი მსახიობებით, რომლებიც მთელი გატაცემით ემსახურებიან საყვარელ საქმეს: ვასილ და ბათუ კიკნაძეები, ნიკო წიკლაური, ლუიზა კიკნაძე, ლია, გიორგი ჭიპაშვილები, მაია ბერაძე, დათო ჭყოიძე და სხვები.

2018 წელს ირინე ჩხეიძემ დადგა სპექტაკლი „ორნი“ მ. კუკულავას პიესა, დღეისათვის აქტუალური პრობლემებით იქცევს ყურადღებას. ამ სპექტაკლმა იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ირინე ჩხეიძის მიერ შესრულებული საუკეთესო როლი. ამავე სპექტაკლით უკვე მეოთხედ თეატრი ლატვიის ქალაქ ლიმბაჟის საერთაშორისო ფესტივალზე წარსდგა, საიდანაც ტრადიციულად დიდი აღიარებით დაბრუნდა.

2019 წელს ირინე ჩხეიძემ, ქართველი კლასიკოსის – გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის მიხედვით, „ხორუმი ქართული ცეკვაა“, ხარაგაულის სცენაზე დადგა სპექტაკლი, რომელსაც საპატიო სტუმრებთან ერთად ავტორიც ესწრებოდა.

დამსწრე საზოგადოებამ აღფრთოვანებით მიიღო სპექტაკლი. იმავე წელს იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე აღნიშნულმა სპექტაკლმა სპეციალისტების დიდი აღიარება დაიმსახურა. რეჟისორის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სპექტაკლში ხარაგაულელი მსახიობების სამი თაობა მონაწილეობდა.

ეკა შველიძე

ფოტოებზე: ხარაგაულის პირველი სცენისმოყვარეთა დასი, 1910 წ.

 თამაზ კიკნაძის სადიპლომო სპექტაკლი „კოლმეურნის ქორწინება“, 1967 წ.