საარჩევნო მონიტორინგის პროექტები მოიცავს როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ისე უშუალოდ არჩევნების დღეს კენჭისყრის პროცესის დაკვირვებას.

პროექტების მიზნებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ცენტრი, მონიტორინგის გზით, შეაფასებს საქართველოს საარჩევნო პროცესის შესაბამისობას საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებთან, ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას რეგიონებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და  შერჩეულ საარჩევნო უბნებში უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის  გამჭვირვალობას.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები პარლამენტის არჩევნებს საქართველოს შვიდ რეგიონში აკვირდებიან:  1. კახეთში – საგარეჯოს და ახმეტის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში; 2. ქვემო ქართლში – გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში; 3. სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში; 4. შიდა ქართლის რეგიონში, გორის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში; 5-7) იმერეთის, აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

მონიტორები საარჩევნო პროცესს უბნის გახსნიდან ხმების დათვლის პროცედურების დასრულებამდე და საბოლოო ოქმის შევსებამდე დააკვირდებიან. დარღვევების თაობაზე მომზადებული საჩივრები მომზადდება საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიებისთვის, საჭიროების შემთხვევაში – სასამართლოსთვის. დამკვირვებლები ბოლომდე მიჰყვებიან ყველა პროცესს საბოლოო შედეგის მიღებამდე.

საარჩევნო დღის განმავლობაში დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ოპერატიულად გამოქვეყნდება ორგანიზაციის ინტერნეტ-გაზეთში – www.humanrights.ge, ქართულ და ინგლისურ ენებზე და მიეწოდება სხვადასხვა მედიასაშუალებებს.

წინასაარჩევნო პერიოდისა და უშუალოდ არჩევნების დღეს საარჩევნო პროცესის დაკვირვებისას აღმოჩენილ დარღვევებზე და სხვა მიგნებებზე ადამიანის უფლებათა ცენტრი გამოაქვეყნებს ორენოვან ანგარიშს. ანგარიშში ასახული იქნება.

რეკომენდაციები როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე საქართველოს პარლამენტისა და შესაბამისი უწყებების მიმართ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგ პროექტებს ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტისა და შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის მხარდაჭერით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი