
საბავშვო ბაღში საქმიანობა ოცი წლის წინ დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ნინო ბუხნიკაშვილის ყოველ დღეს საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ალამაზებენ.
თავდაპირველად ხუნევის საბავშვო ბაღში მუშაობდა. კარგად ახსოვს პირველი დღე. ბავშვები უცნობ მასწავლებელს თავიდან ცოტა უნდობლად უყურებდნენ. შემდეგ კი ძალიან შეიყვარეს.
2013 წელს ნინო ბუხნიკაშვილის აქტიურობით ხევში ერთჯგუფიანი საბავშვო ბაღი 30 ბავშვზე გაიხსნა. მოგვიანებით გაფართოვდნენ და ამჟამად 40 აღსაზრდელი ჰყავთ.
„საბავშვო ბაღში ყოველი სამუშაო დღე საინტერესოა, – ამბობს ნინო ბუხნიკაშვილი, – პატარები ძალიან თბილები და მგრძნობიარენი არიან. მათთან ერთად ვართ ჩართულნი სხვადასხვა აქტივობებში. მათთან ერთად ვსწავლობთ სიმღერას, ცეკვას. ბედნიერებაა საბავშვო ბაღში მუშაობა. ბავშვებთან ერთად სულ პატარა მგონია თავი და ხალისიანად ვარ.
მიუხედავად იმისა, რომ ბაღის გამგე ვარ, ბავშვებთან კონტაქტი არ შემიწყვეტია. მათთან მჭიდრო კავშირი მაქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სექტემბერი, როდესაც აღსაზრდელები პირველად მოდიან. მათ დედის გარეშე გაჩერება უჭირთ. მოგეკედლებიან და შენი იმედი აქვთ. გთხოვენ, დაურეკო დედას და შენთან ერთად ელოდებიან მის მოსვლას.
წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, აღსაზრდელთა მიღებას 12 ოქტომბერს დავიწყებთ. ძალიან გვენატრებიან პატარები.
ხევის საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ავტობანმა უნდა გაიაროს, სწორედ ამიტომ გეგმაშია ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე საბავშვო ბაღის აშენება. ახალ ბაღში აღსაზრდელებს ძველი ინვენტარი არ უნდა დახვდეთ“.
საბავშვო ბაღის აღმზრდელებს მასწავლებლის სტატუსი არ აქვთ. ძალიან ბევრჯერ იყო საუბარი ამ თემაზე. ბევრი დაპირებაც დაპირებად დარჩა. ნინო ბუხნიკაშვილი ამბობს, რომ სწორედ საბავშვო ბაღის აღმზრდელები ამზადებენ ბავშვებს ახალ ეტაპზე გადასასვლელად, რასაც სკოლა ჰქვია, უვითარებენ უნარ-ჩვევებს.
„ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს მასწავლებლის სტატუსი, – ამბობს ნინო ბუხნიკაშვილი, – პიროვნების ჩამოყალიბება სწორედ საბავშვო ბაღიდან იწყება. ბაღის აღმზრდელს გადაჰყავს ბავშვი საფეხურ-საფეხურ ახალ სამყაროში. ისინი, ფაქტობრივად, სკოლაში მომზადებულები მიდიან. ბაღის აღმზრდელები არანაირი შეღავათით არ ვსარგებლობთ, – არ გვაქვს დაზღვევა, იმიტომ რომ არ გვაქვს სტატუსი. ეს ძალიან ცუდია“.
ქალბატონ ნინოს ყველაზე დიდ საზღაურად ის სიყვარულია მიაჩნია, რასაც ბავშვები მის მიმართ ამჟღავნებენ.
„პატარები იზრდებიან, იცვლებიან. ზოგჯერ მათ ვეღარ ვცნობ. ისინი კი გესალმებიან, თბილად მოგიკითხავენ. ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა. ყველა პედაგოგს, სკოლის იქნება ის თუ საბავშვო ბაღის, ვუსურვებ თავიანთი საყვარელი საქმე მშვიდობიან გარემოში აკეთონ“.
დღეს 5 ოქტომბერია – მასწავლებელთა საერთაშორისო დღე. მომავალი თაობის ხარისხიანი განათლება მასწავლებლის უფლებების დაცვასთან პირდაპირ კავშირშია, რადგან სწორედ ეს პროფესია ასრულებს მთავარ როლს მომავალი საზოგადოების განვითარების საქმეში.
ლიკა ხიჯაკაძე
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის