ხარაგაულში, სოფელ ზვარეში, ახალი რკინიგზის მშენებლობამ ზვარეს მინერალური წყლის საბადოს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა.
გარემოსდამცველთა ამ შეფასებას დამოუკიდებელი ექსპერტის, სამთო ინჟინერ-ჰიდროლოგის, ირაკლი მიქაძის დასკვნა ამყარებს.
ახალი რკინიგზის მშენებლობა, რომელიც ქვიშხეთი-ზვარე-ხარაგაული-ზესტაფონის მონაკვეთზე მიმდინარეობს, 2011 წელს „საქართველოს რკინიგზას“ კონტრაქტორმა კომპანიამ – „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ“ – სერიოზული დარღვევებით დაიწყო.
ზვარეს მინერალური წყლის #29 და #30 ჭაბურღილები გვირაბიდან გამოტანილი მიწის ნაყარსა და ბეტონის ქვეშ მოექცა. ამის გამო ზვარეს მინერალური წყლის ჩამომსხმელმა ქარხანამ ფუნქციონირება შეწყვიტა.
დღეს საფრთხე უშუალოდ ქარხანას ემუქრება. შპს „ზვარეს“ დამფუძნებელი ჯამბულ ლურსმანაშვილი ამბობს, რომ „საქართველოს რკინიგზა“ მისგან 12 250 კვმ ტერიტორიას და 720 კვმ-ზე განთავსებული ქარხნის შენობას ითხოვს.
საქმე იმაშია, რომ 2017 წელს ზვარეში ახალი რკინიგზის მშენებლობამ მეწყერი გამოიწვია. ახლა მშენებლობა მდინარე ზვარულას მარცხენა სანაპიროზე უნდა გაგრძელდეს, სადაც ქარხანა მდებარეობს.
„გვჭირდება და მიგვაქვს, – ასეთია „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელთა პასუხი, – ამბობს ჯამბულ ლურსმანაშვილი, – ვითხოვ ნახაზებს, სად გადის ახალი სარკინიგზო ხაზი და მეუბნებიან, რომ პროექტი მუშავდება. კომპენსაციის სახით 350 ათას ლარს გვთავაზობენ. ეს სასაცილოა. ქარხნის ტერიტორიაზე ამ ღირებულების მარტო უჟანგავი მილებია ჩაყრილი.
რა თქმა უნდა, არ ვართ თანახმა და ეს საქმე, სავარაუდოდ, სასამართლომდე მივა“.
მიწის ტყვეობაში მოქცეული ჭაბურღილები
შპს „ზვარეს“ დამფუძნებელი ჯამბულ ლურსმანაშვილი იმ კანონდარღვევებს იხსენებს, რის გამოც მათ 2017 წელს გენერალურ პროკურატურას მიმართეს და „საქართველოს რკინიგზას“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვეს.
გარემოს დაცვის სამინისტროსგან გაცემული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც 2011 წლის 10 ივნისით თარიღდება, წერია, რომ ახალი რკინიგზის მშენებლობის ოთხი ალტერნატიული ვარიანტი არსებობდა. პროექტის ორ ვარიანტზე გარემოს დაცვის სამინისტრო კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რადგან მშენებლობა ზვარის მინერალური და ნუნისის სამკურნალო წყლების არეალს კვეთდა.
დამოუკიდებელი ექსპერტის, ირაკლი მიქაძის დასკვნაში წერია, რომ მშენებელმა კონტრაქტორმა თავდაპირველი პროექტი თვითნებურად შეცვალა, მასში დაუსაბუთებელი ცვლილებები შეიტანა და სამშენებლო სამუშაოები საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმების გარეშე, თვითნებურად დაიწყო.
უხეშადაა დარღვეული საბადოსა და #29 ჭაბურღილის I სანიტარული ზონა; ჭაბურღილი რკინიგზის მშენებლობის პროცესში მწყობრიდან გამოვიდა, მისი მიმდებარე ტერიტორია ნაგავსაყრელს წარმოადგენს. დარღვეულია საქართველოს კანონი კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის ზონების შესახებ, რომლის თანახმად, I ზონის ტერიტორიაზე აკრძალულია ყოველგვარი სამუშაოები, რომლებიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული ბუნებრივი სამკურნალო რესურსის გამოყენებასთან, მათ შორის საწარმოო ობიექტების მშენებლობა, სამთო და მიწის სამუშაოების შესრულება.
თვითნებურად შეცვლილი პროექტით, სარკინიგზო ხაზის ვაკისის ქვეშ მოექცა ზვარეს მინერალური წყლების საბადოს ტერიტორია და ამ საბადოს 4 ჭაბურღილი.
საკონსულტაციო ფირმა „გამა კონსალტინგის“ მიერ მომზადებულ ეკოლოგიურ დასკვნაში, რომელიც 2013 წლით თარიღდება, წერია, რომ „პროექტი არ იყო შეთანხმებული და განხილული გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ და არ იყო გაცემული შესაბამისი მშენებლობის ნებართვა. ასეთმა ცვლილებამ ზვარეს მინერალურ წყლებზე უარყოფითად იმოქმედა“.
„მომხდარია სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც არც ერთ მცირე მეწარმეს არ ეპატიებოდა. ამ საკითხზე დიდი აჟიოტაჟი ატყდა, მაგრამ შემდეგ სახელმწიფო უწყებებმა მიაჩუმათეს“, – ამბობს საქართველოს მწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრების თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე და მიიჩნევს, რომ გვირაბის მშენებლობის თავდაპირველი ვარიანტი იყო ყველაზე მისაღები, რადგან იმ პროექტის მიხედვით, გვირაბი საბადოზე არ გადიოდა.
„საქართველო რკინიგზა “- სახელმწიფო სახელმწიფოში?!
– ზვარეს მინერალურმა წყალმა 2002 წელს ქალაქ ჟენევაში ოქროს, ხოლო 2008 წელს ნიუ-იორკში პლატინის მედალი დაიმსახურა, – ამბობს შპს „ზვარეს“ დამფუძნებელი ჯამბულ ლურსმანაშვილი, – ზვარეს მინერალური წყლით მარაგდებოდა 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადა.
2009 წელს წყლის ჩამოსხმა, თითქმის ოცწლიანი პაუზის შემდეგ, განვაახლეთ. 2010 წელს ჩვენი კომპანია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციის სპონსორი გახდა. შემოსავალიც გვქონდა, თბილისის ხუთ დიდ მარკეტს ყოველდღიურად 1 000 – 1 500 ბოთლით ვამარაგებდით.
ზვარეს მინერალური წყალი საჭმლის მომნელებელი სისტემების, ქრონიკული გასტრიტის, პანკრეატიტის, ღვიძლისა და ნაღველმდენი გზების სამკურნალოდ, ნივთიერებათა ცვლის მოშლისა და კუჭის მჟავიანობის დასაბალანსებლად გამოიყენება.
ქართველ ხალხს ზვარეს – ამ უნიკალური წყლით სარგებლობის საშუალება მოუსპეს. მომავალ თაობას რას ერჩიან?! რკინიგზის გაყვანა ყველგან შეიძლება, მაგრამ ეს წყალი სხვაგან არ ამოდის. 2017 წლის ოქტომბერში, როცა დამოუკიდებელი ექსპერტის, ირაკლი მიქაძის დასკვნა მოვიპოვე, პროკურატურაში საჩივარი შევიტანე, მაგრამ ამ დრომდე ვერაფერს მივაღწიე“.
ამ სამი წლის განმავლობაში შპს „ზვარეს“ ადვოკატმა თემურ გვიშიანმა რამდენჯერმე წერილით მიმართა პროკურატურას. ადვოკატი ითხოვს, რომ „დაისვას იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ზვარეს წყლის საბადოები განადგურეს. პასუხი მოეთხოვოს „საქართველოს რკინიგზას“ და კონტრაქტორ კომპანიას მინერალური წყლის საბადოს კანონით დაცულ სანიტარულ ზონაში მოქმედ ჭაბურღილებთან სარკინიგზო ხაზის კანონის დარღვევით მშენებლობის გამო“.
„რატომ არ იძიებენ ამ საქმეს, ვერ გეტყვით. რკინიგზა ხომ იცით, სახელმწიფოში სახელმწიფოა და ალბათ მეტი ძალა აქვს“, – ამბობს თემურ გვიშიანი.
„მიმდინარეობს გამოძიება“
პროკურატურაში „საქართველოს რკინიგზას“ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი ირაკლი არევაძე გვპასუხობს: „გამოძიება მიმდინარეობს და მეტს ვერაფერს გეტყვით. ეს არის სისხლის სამართლის საქმე და გახანგრძლივდა, მუშა პროცესში ვართ.
საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, მეტის თქმის უფლება არ მაქვს. საქმე წიაღისეული სიმდიდრის განადგურების მუხლით არის აღძრული“.
„საქართველოს რკინიგზას“ პროექტების ხელმძღვანელი უჩა მხეიძე ამბობს, რომ ახალი პროექტის მიხედვით, ზვარეს ქარხნის ტერიტორია მშენებლობის დამხმარე, ბუფერულ ზონაში ჰყვება. რაც შეხება მეპატრონესთვის თანხის შეთავაზებას, ეს კონფიდენციალური საკითხია.
ახალი პროექტით, რკინიგზის მშენებლობა ზვარეს მინერალური წყლის ცენტრალური ჭაბურღილებიდან, კანონით დადგენილი 15 მეტრის ნაცვლად, 17-18 მეტრითაა დაშორებული, – ამბობს „საქართველოს რკინიგზას“ წარმომადგენელი ნუცა კიკნაძე და გვაიმედებს, რომ ზვარეს მინერალური წყალი არ დაიკარგება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი შეფასების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის, დავით მეურვიშვილის განმარტებით, ზვარეს მინერალური წყლის საბადოსთან და ქარხანასთან დაკავშირებული საკითხები მუშავდება და გარემოზე ზემოქმედების შეფასების საბოლოო დოკუმენტში აისახება.
სახელმწიფო უწყებებიდან სასიკეთო არაფერი ჩანს
ზვარეს მოსახლეობისთვის მინერალური წყლის ქარხნის ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია. თემურ მაღლაკელიძე ერთ-ერთია იმ 70 თანასოფლელს შორის, რომლებმაც 2009 წელს ქარხანაში მუშაობა დაიწყეს.
„ზვარეს მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხანა რომ ამოქმედდეს, ხალხი დასაქმდება და სოფლიდან აღარ წავა, – ამბობს თემურ მაღლაკელიძე, – სოფელი დაცლის პირასაა, ახალგაზრდა ოჯახები სამუშაოს საძებნელად დიდ ქალაქებში გარბიან. სახელმწიფომ ქარხნის ამოქმედებას ხელი უნდა შეუწყოს და თუ მეპატრონეებს პრობლემები აქვთ, დაეხმაროს. სამწუხაროდ, ამ დრომდე, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან სასიკეთო არაფერი ჩანს“.
ვინ უშლის ხელს და ვინ დაეხმარება ზვარეს
ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ზვარეს მინერალური წყლის ქარხნის პრობლემით ამ დრომდე არ დაინტერესებულა. ზვარეს წყალი, როგორც ბუნებრივი სიმდიდრე, ხარაგაულის ეკონომიკური განვითარების გეგმაში ვერ მოხვდა. თუ რატომ, – ამაზე მერიაში პასუხი არ აქვთ.
ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, რომელიც ახლა ხარაგაულის მერობის კანდიდატია, მიიჩნევს, რომ ზვარეს მინერალური წყლის წარმოებას ხელს წინა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები უშლიან.
კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ საკითხი შესასწავლია, რადგან კომპანია სალიცენზიო პირობებს ვერ ასრულებს – ვერც მოსახლეობა დასაქმდა და ბუნებრივი სიმდიდრე უსარგებლოდ იკარგება.
მარტო – სიმართლისთვის ბრძოლაში
შპს „ზვარეს“ მფლობელები რამდენჯერმე შეიცვალნენ. 1998 წელს შპს „ზვარე“ ჯამბულ ლურსმანაშვილმა და გიორგი ლომიძემ დააფუძნეს. ათწლიანი ლიცენზიის ვადის გასვლის შემდეგ, 2009 წელს, ჯამბულ ლურსმანაშვილმა ახალი ლიცენზია 25-წლიანი ვადით აიღო.
ლიცენზიის გაცემა წინ უძღოდა ამ კომპანიის ძველი მფლობელების მიერ წილების გასხვისებას მაშინდელ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებზე.
2008 წლიდან შპს „ზვარეს“ წილები ასე გადანაწილდა:
– წილები ჩემთვის არავის წაურთმევია, – ამბობს ჯამბულ ლურსმანაშვილი, – ერთადერთი მიზანი მამოძრავებდა – ზვარეს წყალი ჩამოსხმულიყო და როგორმე საწარმო ფეხზე დამდგარიყო. ამიტომ დავუკავშირდი მსხვილ ბიზნესმენებს, რომელთაც წარმოებაში მილიონობით ლარი ჩადეს.
მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, ნიკოლას ალასანიას რამდენჯერმე შევხვდი. ის უცხოეთში ცხოვრობს. სამწუხაროდ, მისთვის და სხვა მეწილეებისთვის ზვარეს მინერალური წყლის ბედი მნიშვნელოვანი არ არის.
ქარხნის ტერიტორია და თავად ქარხანა გაპარტახებულია. წარმოების შეჩერების შემდეგ იმის ფინანსები არ მაქვს, რომ დარაჯი დავიქირავო და იქაურობას ყურადღება მიაქციოს. დარჩენილი ჭაბურღილების ამოქმედების იმედი არ მაქვს, რადგან იქ წყლის დებეტი მცირეა – 12-13 კბმ დღე-ღამეში.
საბადოდან რკინიგზის ხაზი 17 მეტრის დაშორებით გაივლის. ვერც ერთი გეოლოგი ვერ მეუბნება, რა გავლენას მოახდენს წყლის შემადგენლობაზე მატარებლების მიმოსვლით გამოწვეული ვიბრაცია.
გამოძიების დასრულებას ველოდები.
ნინო კაპანაძე
ფოტოებზე: ასე კუსტარულად მოიპოვებენ ადგილობრივები დღეს ზვარეს მინერალურ წყალს; ზვარეს ქარხნის შენობა; 2009 წელს აღდგენილი ზვარეს მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნის პროდუქცია.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი