საქართველოში წელს მერვედ ღონისძიებათა ციკლი – „ევროპის დღეები“ აღინიშნება.

„ევროპის დღეები“ წელს თემაზე „მემკვიდრეობა და განათლება“ ჩატარდა.

ღონისძიებებს, მესამე წელია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლები სხვადასხვა აქტივობებით უერთდებიან.

დასკვნით ღონისძიებას დღეს, 2 ოქტომბერს, ისტორიულმა მუზეუმმა უმასპინძლა. კორონავირუსის პანდემიის გამო ღონისძებას ყველა მონაწილე ვერ დაესწრო.

მუზეუმის ეზოში პროექტში ჩართული მოსწავლეების ფოტოები გამოიფინა, სადაც აღბეჭდილია ახალგაზრდებისა და უფროსი თაობის ურთიერთობის ამსახველი ეპიზოდები. ეს ფაქტები ვიდეოზე ხარაგაულის #2 სკოლის მოსწავლე გვანცა ყრუაშვილმა ასახა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნის, საფრანგეთში მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალით შეეცადა ხარაგაულელი ანა იმედაიშვილი ეჩვენებინა, თუ რატომ არის ევროკავშირის წევრობა მნიშვნელოვანი.

მუზეუმის ეზოში შეკრებილმა უფროსებმა უმცროსკლასელებთან ერთად იუნესკოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ქართული ანბანის ასოები გამოძერწეს.

ხარაგაულის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე ამბობს, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს საზოგადოებაში ევროკავშირის შესახებ ცნობადობის გაზრდას და იმის გააზრებას, რომ ევროპა, ინოვაციების დანერგვის პარალელურად, ტრადიციებს იცავს და უფრთხილდება.

ნინო კაპანაძე