ძირულა-ხარაგაული-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე – ძირულადან ვახანისწყლამდე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

ამჟამად მიმდინარეობს გზის ზედა და გზის ქვედა გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა, (ლეგო, გაბიონი, რკ.ბეტოონის კედლების); ასევე მიმდინარეობს სოფ. დიდვაკიდან დაბა ხარაგაულამდე მაგისტრალური წყალსადენის მოწყობა. მოეწყობა წყალსადენის სოფლების დამაკავშირებელი გადაერთებები.

ძირულადან დაბა ხარაგაულამდე ხელახლა ეწყობა გაზსადენი, პოლიეთილენის მილით. გაზსადენის სამუშაოების 90% შესრულებულია.

ძირულიდან ხარაგაულამდე, ასევე – დიდვაკიდან მარელისამდე საგზაო საფუძვლებისა და საფარის მოწყობა დასრულდა. საგზაო საფარის მოწყობა აქტიურ ფაზაშია და დაგება მიმდინარეობს დიდვაკიდან ვახანისწყლამდე.

პარალელურად მიმდინარეობს გზისპირა არხების მოწყობა, რომლის საერთო სიგრძე 13500 გრძ.მ-ია. ამ ეტაპზე გზისპირა არხები მოწყობილია დაბა ხარგაულიდან სოფ. ლაშემდე.

ეს ინფორმაცია ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებელმა ორგანიზაციამ „ბლექსი გრუპმა“ სოციალური ქსელით გაავრცელა.

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50-კილომეტრიანი გზის რეკონსტრუქცია, ძირითადად, უკვე არსებული გზის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი მოიცავს: ასფალტის საფარის მოწყობას, 22 ხიდის, გზის სადრენაჟე მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია–მშენებლობას, საყრდენი კედლების  მშენებლობას, გზის მონიშვნასა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას.

ამ გზის რეაბილიტაციას აზიის განვითარების ბანკი (ADB) 80 მილიონი აშშ დოლარით აფინანსებს.

გზის მოასფალტება ძირულა-ხარაგაული-მოლითის მონაკვეთზე 2020 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის სრული რეაბილიტაცია 2021 წლის ბოლოსთვის იგეგმება.