საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 298 პაციენტით გაიზარდა  და 5552 შეადგენს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე ამბობს, რომ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით იმერეთი მეორე ადგილზეა, აჭარის შემდეგ.

„ახალი შემთხვევების მაღალი წილი კვლავ აჭარაზე მოდის, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ, – აქ 175 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. იმერეთში – 38, თბილისში – 32, გურიაში – 16, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 14, სამცხე-ჯავახეთში – 11, ქვემო ქართლში – 7, ხოლო კახეთში – 4.

25 კრიტიკულად მძიმე პაციენტი გვყავს, აქედან 22 მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. რაც შეეხება გარდაცვლილებს, ორი მათგანი აჭარაში დაიღუპა. ისინი 65 და 70 წლისები იყვნენ. ჰქონდათ თანმხლები დაავადებები – შაქრიანი დიაბეტი და ინსულტი. განუვითარდათ ორმხრივი მწვავე პნევმონია. მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.

ერთი ქალბატონი თბილისში გარდაიცვალა. ის 57 წლის იყო. მასაც ჰქონდა თანმხლები დაავადებები, რამაც გამოიწვია მწვავე რესპირატორული დისტრესის განვითარება“.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა. დღეს კორონავირუსისგან 149 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობა 2054-ია. კარანტინის რეჟიმში რჩება 5637 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ სასტუმროებში – 800.