პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს ვებ-გვერდზე www.cesko.ge განახლდა ბანერი „საარჩევნო რუკა“, სადაც ეტლით მოსარგებლე პირებს, სხვა ინფორმაციასთან ერთად, უკვე შეუძლიათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია კონკრეტული საარჩევნო ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ შესაბამისი ფოტოსურათებით.

სურვილის შემთხვევაში მათ შეუძლიათ, თავად აირჩიონ, თუ რომელ საარჩევნო უბანზე სურთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

ცესკოს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია როგორც მარტივი ადაპტაციის, ისე პანდუსის მქონე 1 118 საარჩევნო უბნის შესახებ.

„ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლების რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, ცესკოში შექმნილმა შეზღუდული შესაძლებლობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციები შედიან, საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი მოამზადა.

ამ პროექტის საფუძველზე საარჩევნო კანონმდებლობაში ახალი რეგულაციები შევიდა, რაც ეტლით მოსარგებლე პირებს არჩევნებში მონაწილეობისთვის უკეთეს გარემოს და შესაძლებლობას უქმნის.

ახალი რეგულაციის თანახმად, ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია, პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ/მისაწვდომ საარჩევნო უბანზე.

ამისთვის მან კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (25 ოქტომბერი) უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას ზეპირი ან წერილობითი განცხადებით“, – განაცხადა პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი, რომელიც მოითხოვს ადაპტირებულ უბანზე ხმის მიცემას, შეიყვანება იმ უბნის სპეციალურ სიაში.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, ისე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვან ამ ამომრჩევლების შესაბამის სპეციალურ სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი.

„წელს პირველად, პარლამენტის არჩევნებზე, იქნება შესაძლებელი ამ უფლების გამოყენება. ცესკო მიმართავს ეტლით მოსარგებლე პირებს, ისარგებლონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შექმნილი საარჩევნო რუკით, შეარჩიონ მათთვის ყველაზე ხელსაყრელი საარჩევნო უბანი და ინფორმაცია დროულად მიაწოდონ შესაბამის საარჩევნო კომისიას. ეს მათ არჩევნებში მონაწილეობას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს“, – განაცხადა პრეს-სპიკერმა ბრიფინგის დასასრულს.