ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ეზოში წიგნის „საქართველოს დედოზარი – ლევან გოთუა“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში ავტორი საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ივანე ჯაფარიძე, საზოგადო მოღვაწესა და მწერალ ლევან გოთუას ცხოვრებაზე მოგვითხრობს. წიგნი ლევან გოთუას დაბადების 115 წლისთავს ეძღვნება.

ღონისძიებაზე ხარაგაულის კულტურის ცენტრის დირექტორმა ნიკოლოზ მაჭავარიანმა, გვამცნო, რომ ახალგამოცემული ეს წიგნი დაინტერესებული მკითხველებისთვის ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკასა და სასოფლო განყოფილებებში იქნება ხელმისაწვდომი.

„წიგნის ავტორი ივანე ჯაფარიძე ცნობილი მთასვლელის ალექსანდრა ჯაფარიძის ძმისშვილია. მათ ოჯახში ლევან გოთუას შესახებ უნიკალური მასალები ინახება. ლევან გოთუა მთასვლელებთან ერთად ექსპედიციებში ხშირად დადიოდა,“ – აღნიშნა  რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის მსახიობმა და რეჟისორმა იზა ვეფხვაძემ.

 

ივანე ჯაფარიძემ შეკრებილთ წიგნზე მუშაობის პროცესი გააცნო და ლევან გოთუას შესახებ ისაუბრა.

„თავს მოვალედ ვთვლიდი, რომ ლევან გოთუას შესახებ წიგნი შემექნა. წიგნზე ფიქრი 2005 წელს დავიწყე, როცა ლევან გოთუას ნეშტი, საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მის მშობლიურ სოფელ არმაზიდან მცხეთის სამთავროს ტაძრის ეზოში გადმოვასვენეთ.

ქართველი ახალგაზრდები უნდა იცნობდნენ ამ დიდებულ ადამიანს. მან სიცოცხლის უმეტესი ნაწილი გადასახლებასა და პატიმრობაში გაატარა. მისი ერთადერთი „დანაშაული“ სამშობლოს სიყვარული იყო“, – აღნიშნა წიგნის ავტორმა ღონისძიებაზე.

წიგნს თან ახლავს  CD – დისკი, რომელზეც ჩაწერილია ლევან გოთუას ხმა, სადაც ის ახალგაზრდებს სამშობლოს სიყვარულისკენ მოუწოდებს.

თამთა გოგოლაძე