ხარაგაულში, სოფელ უბისაში, დღეს 21 სექტემბერს, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პაატა კვიჟინაძისა და ხარაგაულის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის წარდგენა გაიმართა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, კანდიდატების წარდგენისას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე პროექტის – ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მან განაცხადა, რომ გაძლიერდება მუშაობა და ყურადღება შიდა რაიონული გზების მოსაწესრიგებლად და ხარაგაულის წყალმომარაგების სარეაბილიტაციოდ. ხარაგაულის წყლის სისტემის მოწესრიგებას ავტომატურად მოჰყვება წყალარინების სისტემის წესრიგში მოყვანა, ახალი პროექტის შექმნა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ხარაგაულს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის სახით, უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია: „მიუხედავად იმისა, რომ დღეს პანდემია გვაქვს და ტურისტები გვაკლია, ესეც გადაივლის, აქაც ყველა ერთად გავიმარჯვებთ“, – ამბობს გახარია.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ხარაგაულში სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობაზე: „სოფლის მეურნეობა აქ ყოველთვის იყო განვითარებული და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მიუხედავად საკმაოდ რთული რელიეფისა, თითოეულ ოჯახს, რომელიც აქ ცხოვრობს, მთავრობა სხვადასხვა პროგრამებით მიეხმარება იმისთვის, რომ ადამიანები დამაგრდნენ მიწაზე, მათ, ვისაც ამის სურვილი აქვთ. ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ იგივე შესაძლებლობა, რა შესაძლებლობებიც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გვაქვს“.

პრემიერმა ხარაგაულში სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების ხელშემწყობად ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, ტურიზმის სააგენტოს პროგრამები დაასახელა.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და არჩევნებზე სახელისუფლებო პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტარობის კანდიდატმა პაატა კვიჟინაძემ და ხარაგაულის მერობის კანდიდატმა კობა ლურსმანაშვილმა.

მერად არჩევის შემთხვევაში კობა ლურსმანაშვილი, როგორც შეხვედრაზე განაცხადა, ამომრჩევლებს ჰპირდება:

„უმოკლეს დროში ჩავაბარებთ ისტორიას დაბა ხარაგაულისა და სოფლების სასმელი წყლით მომარაგების, საგზაო ინფრასტრუქტურისა და გაზიფიცირების მიმართულებით არსებულ პრობლემებს.

მზად ვარ, პროფესიონალურ დონეზე მთელი ჩემი გამოცდილებით, რომელიც ამ წლების განმავლობაში დამიგროვდა, ვიყო თქვენ გვერდით, როგორც თქვენი ოჯახის წევრი, მეგობარი და ვიზრუნო თითოეული თქვენგანის პრობლემის მოგვარებაზე.

ჩემთვის უმნიშვნელოვანესია თითოეული ხარაგაულელის ცხოვრების დონის ამაღლება. დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვუყურებ ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებსაც კონკურენციით, გზა გაეხსნებათ პროფესიონალიზმისაკენ“, – განაცხადა შეხვედრაზე ხარაგაულის მერობის კანდიდატმა კობა ლურსმანაშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მერიის სამსახურების უფროსები, მუნიციპალური ააიპ-ებისა და სკოლების დირექტორები, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, აქტივისტები და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები.

საარჩევნო კანონმდებლობაში ახლახან შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო მოხელეების მსგავსად, სამუშაო საათებში წინასაარჩევნო აგიტაცია აეკრძალათ სსიპ-ების და ააიპ-ების თანამშრომლებს, მათ შორის საჯარო სკოლების პედაგოგებსა და დირექტორებს.

„არა მხოლოდ კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოწოდება, არამედ წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობაც აგიტაციის წესების დარღვევაა. საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებს, საჯარო მოხელეებს, სკოლის დირექტორებს სამუშაო საათებში პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობა ეკრძალებათ, – განმარტავს „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი ლელა ხათრიძე.

ხარაგაულის მერიიდან და საგანმანათლებლო რესურსცენტრისგან მოპოვებული ინფორმაციით, მერიის სამსახურების უფროსები, მუნიციპალური ააიპ-ებისა და სკოლის დირექტორები, ვინც ამ შეხვედრაში მონაწილეობდნენ, შვებულებაში იმყოფებოდნენ.