მოსავლის ხარისხი და რაოდენობა მიწის ნაყოფიერებაზეა დამოკიდებული. ფერმერთა უმრავლესობამ არ იცის, თუ რომელი სასუქით გამდიდრებას საჭიროებს ის ნიადაგი, სადაც კონკრეტული აგროკულტურა მოჰყავს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსის, ბონდო კიკნაველიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულელ ფერმერებს შეუძლიათ მიწის ლაბორატორიული ანალიზისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანასეულში მდებარე შპს „ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრს“ მიმართონ.

ბონდო კიკნაველიძე ამბობს, რომ დიაგნოსტიკის ცენტრის წარმომადგენლები გამოიკვლევენ მიწას და როგორც ექიმები, დასვამენ დიაგნოზს. ამ ცენტრისთვის მიმართვა ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მეშვეობითაც შეგიძლიათ. ეს სამსახური ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზეა განთავსებული.

მიწის გამოკვლევისთვის აუცილებელია, რომ ფერმერს მიწა საჯარო რეესტრში ჰქონდეს დარეგისტრირებული. ფერმერს მიწის გამოკვლევაში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს რომელიმე პროექტში ჩაერთვება და დაფინანსებას მოიპოვებს.

ბონდო კიკნაველიძის ინფორმაციით, ერთ ჰექტარი მიწის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა 250 ლარამდე ღირს.

სოფლის მეურნეობის კუთხით საქართველოში მოქმედი ლაბორატორიული ბაზების შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ვებ-გვერდზე მიიღებთ.