სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში განახლდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 25 საჯარო და ერთი კერძო სკოლაა. როგორ ხვდება ახალ სასწავლო წელს ხარაგაულის გიმნაზია ამის შესახებ გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი, დეკანოზი პავლე (ცერცვაძე) გვესაუბრება:

– კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეკომენდაციების შესაბამისად ინფრასტრუქტურის მოწყობა ზაფხულიდან დავიწყეთ. შევიძინეთ დეზობარიერები, სადეზინფექციო ხსნარები, უკონტაქტო თერმომეტრები. მოვაწესრიგეთ საიზოლაციო ოთახი.

სველ წერტილებში განვათავსეთ ერთჯერადი ხელსახოცების აპარატები. ყველა საკლასო ოთახში მერხები ერთმეტრიანი დისტანციითაა განლაგებული. აღჭურვილი ვართ პირბადეებითა და დამცავი ფარებით. ვინაიდან ხარაგაულში 24-საათიანი წყალმომარაგება არაა, შევიძინეთ 50-ტონიანი ავზი, რომელიც სკოლას სწავლის პროცესში სრულად მოამარაგებს.

გიმნაზიის რექტორის, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მეუფე მელქისედეკის ძალისხმევით, ხარაგაულის გიმნაზია მზადაა, შეხვდეს ახალ სასწავლო წელს.

– რა ინფრასტრუქტურული პრობლემები რჩება გიმნაზიაში მოსაგვარებელი?

სკოლის ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგებულია. ჩვენს სკოლას აქვს ღია ტიპის ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნები. თუმცა, დახურული სპორტული მოედანი არ გვაქვს. ამის გამო ზამთრის პერიოდში მოსწავლეები სპორტულ აქტივობას მოკლებულები არიან. იმედი მაქვს, კეთილი ადამიანების თანადგომითა და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით ამ პრობლემას მოვაგვარებთ.

– ხარაგაულის გიმნაზია ყოველთვის იყო და არის გამორჩეული მოსწავლეთა და კურსდამთავრებულთა წარმატებით. თუმცა, გიმნაზია ვერ ერთვება განათლების სამინისტროს სხვადასხვა პროექტებში – „ჩემი პირველი კომპიუტერი“, უფასო სახელმძღვანელოები, დამსახურებული ჯილდო პედაგოგებისათვის.
ხომ არ იგეგმება რაიმე ცვლილებები ამ მიმართულებით?

– ეს პრობლემა რეალურად დგას და და ძალიან გულსატკენია ჩვენთვის. საქართველოს ნებისმიერი სკოლის მოსწავლე საქართველოს მოქალაქეა და თუ საჯარო სკოლის მოსწავლესა და პედაგოგს ეძლევა საშუალება, განათლების სამინისტროს პროექტებში ჩაერთოს, ეს კერძო სკოლებზეც უნდა ვრცელდებოდეს. ვფიქრობ, ეს ძალიან ადვილი მოსაგვარებელია მათთვის, ვისაც ეს ხელეწიფება. საჯარო სკოლის მოსწავლეებს სტიმულს აძლევს ცოდნის დაფასება.

მინდა მივმართო ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას, განათლების სამინისტროს თხოვნით, რომ ხარაგაულის გიმნაზიას მიეცეს განათლების სამინისტროს პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პროექტებში ჩართულობას მოკლებულები ვართ, მეუფე მელქისედეკი ცდილობს, გიმნაზიის წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვოს. გასულ წელს „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“, ჩვენი სკოლის საამაყო წარმომადგენელი საბა ებანოიძე მეუფემ კომპიუტერით დააჯილდოვა.

– მიიღებენ თუ არა გიმნაზიის მოსწავლეები სახელმძღვანელოებს?

– ხარაგაულის გიმნაზიაში 200-მდე მოსწავლე სწავლობს. გიმნაზიის ის მოსწავლეები, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან, სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებენ.

მეუფე მელქისედეკის ძალისხმევით, წელს პირველად ხარაგაულის გიმნაზიის პირველი კლასის მოსწავლეები სასწავლო ბუკებითა და წიგნებით დასაჩუქრდებიან. წიგნები საჩუქრად გადაეცემა ასევე გიმნაზიის მეხუთე კლასის ყველა მოსწავლეს.

ღმერთმა დალოცოს და გაახაროს ყველა ხარაგაულელი მოსწავლე, პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები. განსაკუთრეებით მინდა გულითადად მივულოცო სწავლის დაწყება პირველკლასელებს, რომლებიც სკოლისაკენ პირველ ნაბიჯებს დგამენ. მინდა ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს ვუსურვო ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე და წარმატებები როგორც პირად, ისევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ღმერთმა დაგლოცოთ.

თამთა გოგოლაძე