დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ.

ეს იმას  ნიშნავს, რომ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ  რეკომენდაციები, როგორებიცაა: პირბადის ტარება დახურულ სივრცეში, ასევე ღია სივრცეშიც, თუ დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება; დიდი თავყრილობებისაგან თავის შეკავება; სიმპტომების გამოვლენისთანავე 112-ში დარეკვა, რაც ხელს უწყობს დაავადების ადრეულ ეტაპზე  გამოვლენას.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა ზრდა პროგნოზირებული იყო. ამ პროგნოზის საფუძველი შიდა ტურიზმის გამო ადამიანთა დიდი ნაკადების მობილობა გახდა.

გარდა ამისა, მოსახლეობა რეკომენდაციებს არ იცავდა. მისივე თქმით, გარკვეული დროის შემდეგ, ქვეყანა შეიძლება კორონავირუსის ამბულატორიული მკურნალობისა და მართვის რეჟიმზე გადავიდეს. ამ ეტაპზე კი ამის საჭიროება არ არსებობს და უპრიანია, რომ ყველა კოვიდინფიცირებული საავადმყოფოში მოხვდეს.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ იმ მეთოდების გამოყენება, როგორიცაა ჩაკეტვა და მკაცრი იზოლირება, აღარ მოხდება. კორონავირუსი ერთ და ორ თვეში არ ქრება. მინიმუმ ერთი წელი მაინც მოგვიწევს მასთან ერთად თანაცხოვრება.

შემთხვევების ზრდასთან ერთად აუცილებელია, ყველა კოვიდინფიცირებულმა ადამიანმა სწრაფად წარმოადგინოს კონტაქტები, რომ მათი სწრაფი იზოლირება მოხდეს. ამირან გამყრელიძე ხაზს უსვამს ამ პროცესში მოსახლეობის დამყოლობის მნიშვნელობას, რაც მათი მხრიდან თანამშრომლობაში უნდა გამოიხატოს.

დღეს, 14 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2392 გახდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ერთით გაიზარდა და 1369 ადამიანს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 6633 პირი იმყოფება; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.

ამ ვირუსის საქართველოში დაფიქსირების პირველი დღიდან ამ დრომდე გარდაცვლილია კორონავირუსით დაავადებული 19 ადამიანი.