ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ახალი სასწავლო წლის დასაწყებად სრულ მზადყოფნამდე 13 სკოლის სველი წერტილის რეაბილიტაციაა დასასრულებელი.

ბაზალეთის, ბორითის, ბორის, ვარძიის, ვახანის, ვაშლევის, წიფის (ორი კორპუსი), ხარაგაულის #2, ხევის, ხუნევის, სარგვეშის, ნებოძირის, ჩრდილის, მარელისისა და ფარცხნალის სკოლებში სველი წერტილების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მათგან სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულდა ვარძიის, ვაშლევისა და წიფის სკოლებში. უახლოეს დღეებში სარგვეშისა და ხუნევის სკოლებში სველი წერტილების რეაბილიტაცია  დამთავრდება.

ხარაგაულის საგანმანათლებვლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე ამბობს, რომ დანარჩენ სკოლებში სველი წერტილების მოწყობა ორ კვირაში დასრულდება. მანამდე კი ეზოში არსებული სველი წერტილებით ისარგებლებენ.

ნებოძირის, ფარცხნალისა და წიფის სკოლებში სველი წერტილების რეაბილიტაცია უახლოეს ორ თვეში ვერ ხერხდება. ამიტომ ამ სკოლებისთვის განათლების სამინისტრო ბიოტუალეტებს შეიძენს.

ჩრდილისა და მარელისის მეორე კორპუსის სკოლის მოსწავლეები დროებით ზვარისა და მარელისის სკოლებში ისწავლიან.

კორონავირუსის პანდემიის გამო შემუშავებული რეგულაციების თანახმად, 26-ვე სკოლა მომარაგებულია დეზობარიერებით, ანტისეპტიკური და ჰიგიენური საშუალებებით, თერმომეტრებით.

ხარაგაულის სკოლებში, მოსწავლეთა რაოდენობიდან გამომდინარე, მეორე ცვლაში სწავლა არ დასჭირდებათ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 26 საჯარო სკოლაში 15 სექტემბერს სწავლას 2 112 მოსწავლე შეუდგება. მათგან 191 პირველკლასელია.

სკოლებში არსებული მდგომარეობა მარინე ვეფხვაძემ დღეს, 10 სექტემბერს, ხარაგაულის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის (თავმჯდომარე დავით კიკნაძე) წევრებს მიაწოდა.

ნინო კაპანაძე