ხარაგაულში ბაზარი, მეექვსე თვეა, დახურულია. მყიდველებს საჭირო პროდუქტების შეძენა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩაში გვიწევს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის სამმართველოს უფროსის, ფიქრია ჭლიკაძის, განმარტებით, ყველა ბიზნესოპერატორმა, საქმიანობის გასაგრძელებლად, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ყველა მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს.
„ბაზარში აუცილებელია დეზობარიერების მოწყობა, იქ მომუშავე რეალიზატორის თუ მყიდველის თერმოსკრინინგი; ასევე სადეზინფექციო ხსნარები, სველი წერტილი მუდმივი წყლით და მოწესრიგებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესოპერატორისთვის 10 ათას ლარიანი ჯარიმაა დაწესებული“, – ამბობს ფიქრია ჭლიკაძე.
შპს „ხარაგაულის აგრარული ბაზრის“ დირექტორი ზოია ხარებაძე ამბობს, რომ ამ რეგულაციების შესრულება მისთვის ფინანსურად შეუძლებელია.
„4 600 ლარამდე იყო ბაზრის წლიური შემოსავალი. ეს თანხა ამ მოთხოვნების შესასრულებლად საკმარისი არ არის. პარასკევ დღეს ბაზრის დღიური შემოსავალი 10-12 ლარს აღწევდა, სხვა დღეებში ამდენიც არ იყო.
ბაზარში მუდმივად სამი ადამიანი მუშაობს და ისინი თვეში ოც ლარს იხდიან. ეს სხვადასხვა ხარჯებისთვის არასაკმარისია. დახმარება ვთხოვე ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა არავინ დამეხმარა. ჩემი ხელფასი 140 ლარი იყო, თებერვლის შემდეგ ხელფასიც კი არ ამიღია, იმდენად დაბალი იყო შემოსავალი. მივიღე გადაწყვეტილება, რომ ოქტომბრის ბოლოდან შპს-ს დირექტორის თანამდებობა დავტოვო. ვესაუბრე რამდენიმე პიროვნებას, რომლებიც ამ საქმიანობის გაგრძელებით დაინტერესდნენ და ალბათ გააგრძელებენ“, – ამბობს ზოია ხარებაძე.
ხარაგაულის ბაზრის დაქვემდებარებაში იყოს სოფელ კიცხის ბაზარიც, რომელიც ამ დრომდე არ ფუნქციონირებს.
„ქუჩაში როდემდე უნდა ვიყოთ, – ამბობს ხარაგაულის ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრე ნაილი მაღლაფერიძე,– დირექტორს ცოტათი რომ მაინც შეხიდებოდა ადგილობრივი ხელისუფლება, ბაზარი ფუნქციონირებას არ შეწყვეტდა. შენობა და დახლები მოსაწესრიგებელია. ამას დირექტორი თავისი სახსრებით ვერ შეძლებს. ბაზრის გარეშე შეიძლება იყოს ხარაგაული? არავინ გვეხმარება. სისუფთავე როგორ უნდა დავიცვათ, როცა პროდუქტების რეალიზაცია ქუჩიდან გვიხდება.
ზამთარში რა გვეშველება, წვიმასა და თოვაში ქუჩაში როგორ დავდგეთ? მთელი ზაფხული დამსვენებლები მოდიოდნენ, ჩვენ ქუჩაში გვიწევს დგომა, ჩვენც გვაქვს თავმოყვარეობა. იქნებ მიხედოს რაიონის ხელმძღვანელობამ ბაზარსაც და ხალხსაც“.
„ბაზარში ხშირად დავდივარ, – ამბობს ხარაგაულელი მარიკა ბააკაშვილი, – ვერ ვხვდები, რატომ უნდა იდგეს რეალიზატორი გარეთ ღია ცის ქვეშ და არა შიგნით, ბაზრის ეზოში, დახლებთან. ბაზარი ძალიან გვჭირდება. შესაძლებელია, რომ ყველი, რძე, კვერცხი, თუ პომიდორი მაღაზიაშიც ვიყიდო, მაგრამ ბაზარში შეძენილი ვიცი, რომ ხარაგაულელი ადამიანისაა, – ნატურალური და უსაფრთხო ბავშვებისთვის“.
„სოფლები იმდენად დაიცალა, რომ კვირა დღეს ხარაგაულის ბაზარში ყველი თუ იშოვე, დიდი გმირობაა, – წუხს ხარაგაულელი მაია ბერაძე, – სოფლიდან ადამიანი რომ ჩამოდის და ბაზრის გარეთ, ქუჩაში უწევს თავისი პროდუქტის გაყიდვა, უხერხულია. არც ჩვენთვისაა სასიამოვნო ძირს დაყრილი პროდუქტის შეძენა. სოფლიდან რომ მოხუცი ჩამოვა, ხარაგაულში სუფთად მოწესრიგებული დახლი მაინც უნდა დავახვედროთ. ამ მხრივ ძალიან ცუდი სიტუაციაა.
ნუთუ ხარაგაულის მოსახლეობას არ უნდა ჰქონდეს ელემენტარული პირობები, რომ დახლზე სუფთად დალაგებული პროდუქტი შეიძინოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მყიდველისთვის, ისე რეალიზატორისთვის. არ აქვს კერძო პირს დაწესებული რეგულაციების დაკმაყოფილების ფინანსური შესაძლებლობა. რატომ არ შეიძლება დაეხმაროს ხელისუფლება და ხარაგაულში ბაზრისათვის ერთი ადგილი მოწესრიგდეს. ხარაგაულში ხორცს ვეღარ შეიძენ, ყველისა და კვერცხის შეძენა ჯერ კიდევ შეგვიძლია. თუმცა, თუ ეს პრობლემა არ მოგვარდა, მალე ამასაც ვეღარ შევიძენთ და ყველაფერზე ზესტაფონში როგორ ვიაროთ?!“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ჩხეიძე ამბობს, რომ ბაზრის პრობლემა ხარაგაულში ნამდვილად დგას.
„შეიძლება ვიფიქროთ, რომ ხარაგაულში მოვაწესრიგოთ ერთი ადგილი, სადაც გარემოვაჭრეებს შეეძლებათ განთავსება და თავიანთი პროდუქციის რეალიზაცია. ამისათვის საჭიროა შესაბამისი სფეროს წარმომადგენლებთან და გარემოვაჭრეებთან ერთად დაიგეგმოს და სწორად განისაზღვროს საჭიროებები.
ამ საკითხით დავინტერესდები და ერთად გადავწყვეტთ, რისი გაკეთება შეუძლია ხელისუფლებას ამასთან დაკავშირებით“, – ამბობს თემურ ჩხეიძე.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი