კორონავირუსის პანდემიის გამო განათლების სამინისტრომ,ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით, სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები მესამე დღეა, ხარაგაულის სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობასა და შრომის პირობებს ამოწმებენ.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძისგან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულში მოქმედი 26 სკოლიდან 14 სკოლაში შრომის პირობები უკვე შეამოწმეს.

„ძირითადად მოწმდება სველი წერტილები, წყალმომარაგების სისტემა, აღჭურვილია თუ არა სკოლა საჭირო დეზობარიერებით, სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, – ამბობს მარინე ვეფხვაძე, – ჩემი ინფორმაციით, ყველა შემოწმებული სკოლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სველი წერტილების რეაბილიტაცია წელს ხარაგაულის 16 სკოლაში ჩატარდა.

დღევანდელი მდგომარეობით, სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში განახლდება“.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, საჯარო სკოლების შემოწმების პროცესში შრომის ინსპექცია, შემოსავლების სამსახური, სურსათის ეროვნული სააგენტო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები არიან ჩართული.

„400-მდე ინსპექტორი სკოლებს ერთობლივად შეამოწმებს, რაც საშუალებას მოგვცემს, 15 სექტემბრამდე მაქსიმალურად მოვიცვათ ყველა სკოლა და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ, ფუნქციონირების უფლება მივცეთ“, – ამბობს ბექა ფერაძე.

ფოტოზე: ღორეშის საჯარო სკოლა