დღეს შუადღისას შოკისმომგვრელი ამბის მომსწრე გავხდი, – წერს სოციალურ ქსელში ნინო მანჯავიძე, – არ შემიძლია, არ გაგიზიაროთ…

ავლაბარში მოვდიოდი, გულამოსკვნით ტირილის ხმამ შორიდანვე მიიქცია ჩემი ყურადღება. ერთი სული მქონდა, როდის მივუახლოვდებოდი მტირალ ადამიანს… ახალგაზრდა ქალი იყო, 35 წლის, როგორც მერე გავიგე. ისე ტიროდა, ვიფიქრე, რომ ძალიან ახლობელი ადამიანის დაკარგვის ამბავი ჰქონდა იმ წუთის გაგებული.

რა თქმა უნდა, გავჩერდი და დახმარება შევთავაზე. სათქმელს თავს ვერ უყრიდა. ერთადერთი, რასაც ამბობდა, სიტყვა „ქმარი“ იყო… ფეხზეც ვერ დგებოდა, უახლოეს კიბემდე მივიყვანე და ჩამოვსვი.

მოკლედ, არც მეტი, არც ნაკლები, დღისით, მზისით ნასვამ პათოლოგ ქმარს გამოქცეოდა ეს გოგო და ვერ გაეგო, რა ექნა, როგორ მოქცეულიყო. როგორც აღმოჩნდა, მისი ქმარი ფხიზელი „იადონია“, ერთ ჭიქა ლუდსაც თუ დალევს, პათოლოგად იქცევა, სცემს, აგინებს, საბრალო გოგოს მოკვლით ემუქრება.

კითხვაზე, რატომ იტანს ამ ყველაფერს და რატომ იგდებს სიცოცხლეს საფრთხეში, მიპასუხა, რომ არ უნდა ოჯახი (!) დაანგრიოს, და დედა და ძმა ანერვიულოს…

ერთ-ერთი იმ პოტენციურ მსხვერპლთაგანი იდგა ჩემს თვალწინ, რომელთა სიცოცხლეც უკვე არაერთმა ვიგინდარამ შეიწირა საქართველოში. სწორედ ეგ ვუთხარი, – თუ არ უნდა, რომ ის იყოს შემდეგი, სასწრაფოდ უნდა გაეცალოს სიტუაციას.

პატრულის გამოძახებაზე უარი თქვა მოტივით, რომ არ უნდა ქმარს „საქმე გაურთულოს“. საოცრად შეშინებული და დამფრთხალი, სრულიად უცხო ადამიანს მეკვროდა. დამშვიდობებისას, მე რომ სახეზე ვაკოცე, ის ხელებზე მკოცნიდა.

ნომერი ჩავიწერე, საღამოს გადავურეკე და თავის საკუთარ ოჯახშია, არც აქვს სურვილი მოძალადესთან დაბრუნების, ძალიანაც კარგი!… თურმე ეს ყველაფერი ერთი წელია, ყოველ მეორე დღეს მეორდება!!! ვეღარ გაუძლო და გამოიქცა.

მასთან ყოფნის პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუუარესდა, დაემართა დიაბეტიც…

ვინ იცის, კიდევ რამდენი ქალი იტანჯება ასე! მესმის, რომ გარკვეული სირთულეები ყველა ოჯახშია, მაგრამ არ ღირს არაფრად ასეთი ოჯახი და ურთიერთობა, სადაც სხვა რომ არაფერი, შენს საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ, არად გაგდებენ და ფეხქვეშ გითელავენ ღირსებას და თავმოყვარეობას!

გამოსავალი ყოველთვის არსებობს! მთავარია, გაბედოს ადამიანმა და გადადგას სწორი ნაბიჯი!

მთელი დღე ვერ გამოვედი მდგომარეობიდან. არ მინდა, ჩემს ქვეყანაში ასე იტანჯებოდნენ ქალები!