საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ჩიქოვანთან, აბაშის, მარტვილის წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, ფერმერ ნუგზარ ბერაიას ოჯახს ესტუმრნენ.

ნუგზარ ბერაიას სახლი თხილის საშრობ-სასაწყობო საწარმო „კოკი 2014“-თან მდებარეობს. სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ საწარმოში დღეს ნუგზარ ბერაიას ოჯახის 3 წევრი მუშაობს. მათი განცხადებით, ჰქონდათ თხილის ბაღი, რომელსაც უსახსრობის გამო ვერ უვლიდნენ.

გასულ წელს, თხილის მწარმოებელთა ასოციაციისა და სახელმწიფოს დახმარებით, მათ მიიღეს თხილის შესაწამლი საშუალებები, ასევე შეისწავლეს მოვლა-მოყვანის თანამედროვე მეთოდებიც. როგორც ნუგზარ ბერაიამ პრემიერსა და მინისტრთან საუბრისას აღნიშნა, შედეგად ოჯახმა წელს, თხილის გაყიდვით დაახლოებით 10 000 ლარამდე შემოსავალი მიიღო.

ბერაიების ოჯახმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მხრიდან თხილის სექტორის ხელშეწყობის კუთხით განხორციელებული პროგრამების მნიშვნელობას და მთავრობის მეთაურსა და მინისტრს მადლობა გადაუხადა.

სტუმრებმა ფერმერის მიერ მოყვანილი თხილიც დააგემოვნეს. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამების მიზანია, რაც შეიძლება მეტი გლეხი გახდეს ფერმერი, რათა მათ შეძლონ ღირსეული შრომით არჩინონ როგორც საკუთარი ოჯახები, ასევე დაასაქმონ ადგილობრივები.

ფერმერ ნუგზარ ბერაიას ოჯახში მაჟორიტარი დეპუტატები, მერაბ ქვარაია და ედიშერ თოლორაია იმყოფებოდნენ.