ხარაგაულის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის (უფროსი ირინე ჩხეიძე) ინიციატივით ხარაგაულში 27 ოქტომბერს სპორტული შეჯიბრება „მხიარული სტარტები“ დაიწყო. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა მონაწილე გუნდებს თამაშის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მან პირობა დადო, რომ მომავალ წელს სპორტის, განათლებისა და კულტურის მიმართულებები მაქსიმალურად იქნება დაფინანსებული.

ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, „ხარაგაული არის ერთ-ერთი პირველი მუნიციპალიტეტი, სადაც დამოუკიდებლად ტარდება ასეთი ტიპის შეჯიბრება. „მხიარული სტარტების“ ტურნირს მთელი საქართველოს მასშტაბით ატარებს „მხიარული სტარტების“ ფედერაცია. ხარაგაულის სპორტსკოლას აქვს ამ თამაშისთვის საჭირო ინვენტარი. ეს თამაშები ყოველ წელს უფრო და უფრო საინტერესო გახდება,“ – ამბობს ირინე ჩხეიძე.

თამაშს აფასებს ექვსკაციანი ჟიური შემდეგი შემადგენლობით: ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე, გამგეობის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთ. სპეციალისტი განათლების საკითხებში ლელა შარიქაძე, მთ. სპეციალისტი სპორტის საკითხებში ნუგზარ კიკნაძე, მთ. სპეციალისტი ახალგაზრდულ საკითხებში ხათუნა ტაბატაძე, მთ. სპეციალისტი კულტურის საკითხებში დავით ჩადუნელი, ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის დირექტორის მოადგილე ზაალ მესხი. თამაშს უძღვება მსაჯი ბეჟან ჩხეიძე.

ჟიურის თავმჯდომარე ხათუნა ტაბატაძე ამბობს, რომ „შეჯიბრებაში უკვე ჩაერთო 16 გუნდი, რითაც თამაშის პირველი ეტაპი დასრულდა. დებულების მიხედვით თითოეულ გუნდში მონაწილეობს 8-დან 16 წლამდე ასაკის 18 ბავშვი. ზოგიერთმა სკოლამ, მოსწავლეთა კონტინგენტის სიმცირის გამო, თამაშში მონაწილეობა ვერ მიიღო. ამიტომ კენჭისყრის შედეგად მეტოქის გარეშე დარჩენილი გუნდები ავტომატურად გადავიდნენ მომდევნო ტურში. მოსწავლეები საკმაოდ მოემზადნენ ამ ტურნირისათვის. ყველა გუნდს ეძლევა საშუალება, თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ისარგებლოს ინვენტარით და მოემზადოს შეჯიბრებისათვის,“ – ამბობს ხათუნა ტაბატაძე.

ჟიურის წევრი დავით კიკნაძე ამბობს, რომ ასეთი თამაშები ძალიან კარგია, რადგან ასეთ შეჯიბრებებში თავს იყრის სპორტის სხვადასხვა სახეობა. ტურნირში ერთვებიან არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ მასწავლებლები, მშობლები და სკოლის დირექტორიც კი. მოზარდის სპორტული განვითარება სწორედ სკოლის ასაკიდან იწყება. ასეთი თამაშები ხელს უწყობს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას. დავით კიკნაძის აზრით, ხარაგაულში უამრავი ტალანტია სპორტის სხვადასხვა სახეობებში. სწორედ ასეთების აღმოჩენასა და განვითარებას უწყობს ხელს ასეთი თამაშები.

„მიუხედავად იმისა, რომ ხარაგაულის ბევრ სკოლას არ აქვს სპორტული დარბაზი და ინვენტარი, მოსწავლეები მაინც კარგ სპორტულ ფორმაში არიან,“ – ამბობს ჟიურის წევრი ზაალ მესხი.

ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის დირექტორი დავით გელაშვილის თქმით, ამ შეჯიბრით სკოლები სპორტული მიმართულებით გამოცოცხლდნენ, ბავშვებს მიეცათ მოტივაცია, მეტი ივარჯიშონ და სპორტით დაკავდნენ.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის გუნდის კაპიტანი გურამ გოგოლაძე ამბობს, რომ პირველად მონაწილეობს ასეთ სპორტულ შეჯიბრებაში და ძალიან უხარია. ვერტყვიჭალის სკოლას აქვს სპორტული ინვენტარი და დაუღალავად ვარჯიშობენ „მხიარული სტარტების“ შემდეგი ტურის წარმატებით გადასალახად.

ხარაგაულის #3 მესამე საჯარო სკოლის გუნდის კაპიტანი სალომე კვირიკაშვილი ასეთ თამაშებს ტელევიზორში ხშირად ნახულობდა და გული წყდებოდა, რომ მასში მხოლოდ თბილისის სკოლები მონაწილეობდნენ. სალომე ამბობს, რომ „მხიარული სტარტები“ ძალიან სახალისო და მრავალფეროვანი ღონისძიებაა. „პირველ ტურში გამარჯვებამ დიდი სტიმული მოგვცა და ახლა აქტიურად ვვარჯიშობთ, რათა უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ,“ – ამბობს სალომე.

ტურნირის ორგანიზატორები ამბობენ, რომ „მხიარული სტარტები“ ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და წელიწადში ორჯერ ჩატარდება.

თამთა გოგოლაძე

 

mkhiaruli-startebi-kharagaulshi-(1) mkhiaruli-startebi-kharagaulshi-(2) mkhiaruli-startebi-kharagaulshi-(3) mkhiaruli-startebi-kharagaulshi-(4) mkhiaruli-startebi-kharagaulshi-(5) mkhiaruli-startebi-kharagaulshi-(6) mkhiaruli-startebi-kharagaulshi-(7) mkhiaruli-startebi-kharagaulshi-(8) mkhiaruli-startebi-kharagaulshi-(10) mkhiaruli-startebi-kharagaulshi-(11) mkhiaruli-startebi-kharagaulshi-(12) mkhiaruli-startebi-kharagaulshi-(13) mkhiaruli-startebi-kharagaulshi-(14) mkhiaruli-startebi-kharagaulshi-(15) mkhiaruli-startebi-kharagaulshi-(16) mkhiaruli-startebi-kharagaulshi-(17) mkhiaruli-startebi-kharagaulshi-(18) mkhiaruli-startebi-kharagaulshi-(19)