
ხარაგაულელი ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა დასაქმებაა.
მათ ნაწილს მუნიციპალიტეტიდან შორს, თბილისში ან რომელიმე სხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში უწევს სამსახურის მოძიება. ეს პროცესი რეგიონიდან ახალგაზრდების წასვლას, ე.წ. „ტვინების გადინებას“ უწყობს ხელს.
29 წლის მირიან შარიქაძემ ხარაგაულის გიმნაზიის წარჩინებით დასრულების შემდეგ სწავლა თბილისში გააგრძელა. სტაჟირების გავლის შემდგომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაიწყო მუშაობა და ახლაც ამ ორგანიზაციაში საქმიანობს. მირიანი თბილისში ცხოვრობს და ამბობს, რომ ე.წ. „ტვინების გადინება“ არა მხოლოდ ხარაგაულის, მთელი ჩვენი ქვეყნის პრობლემაა.
„ხარაგაულში სამუშაო ადგილები არ არის, ან მხოლოდ საჯარო სექტორია, სადაც ხელფასი ძალიან დაბალია. ვაკანსიებიც ცოტაა და კარიერის შექმნა რთულია“, – ამბობს მირიანი და მიიჩნევს, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად ახალი სამუშაო ადგილები როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, აუცილებელია. ეს მუნიციპალიტეტში ახალ ხედვებს შემოიტანს, აქ ყოფნას უფრო საინტერესოს გახდის. ანაზღაურებაც მნიშვნელოვანია, რომ განვითარების მეტი პერსპექტივა შეიქმნას.
მირიან შარიქაძეს ხარაგაულში დაბრუნებაზე ბევრჯერ უფიქრია, თუმცა შესაბამისი გარემო პირობების არარსებობის გამო ამას ვერ ახერხებს.
მის მსგავსად, ხარაგაულის მსგავს მუნიციპალიტეტში განვითარების სირთულეებზე საუბრობს 23 წლის ქეთევან სხილაძე. ქეთევანმა ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თავისუფალ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით გააგრძელა. ამ დროის განმავლობაში სწავლობდა გერმანიაში DAAD-ის პროგრამით. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და არაბულ ენებს. ქეთევანი ახლა ერთ-ერთ გერმანულ კომპანიაში დისტანციურად მუშაობს და მოსწავლეებს უცხო ენაში ამზადებს. ის ამბობს, რომ ე.წ. „ტვინების გადინების“ პრობლემა ხარაგაულისა და მისი მსგავსი ტიპის დასახლებებისთვის საერთოა.
„ჩვენთან არჩევანის მრავალფეროვნება არ არის. ზოგჯერ ახალგაზრდებს ბევრი სიახლე სჭირდებათ; სურთ, რომ სამსახური ხშირად შეიცვალონ. ამის შესაძლებლობა მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებს ნაკლებად ეძლევათ. მეორე ფაქტორი ხელფასებია. მუნიციპალიტეტში კერძო სექტორი ნაკლებად განვითარებულია და ახალგაზრდებიც იქ ცდილობენ დასაქმდნენ, სადაც უფრო მაღალი ანაზღაურებაა“.
ქეთევან სხილაძე წლების შემდეგ ხარაგაულში დაბრუნებას გეგმავს. თუმცა მანამდე ფიქრობს, რომ საკუთარ შესაძლებლობებს სხვადასხვა კუთხით გამოცდის.
„ჩემს სოფელში იმიტომ ვერ ვბრუნდები, რომ სკოლაც დახურულია, არც მოსახლეობაა და არც – სამუშაო გარემო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვერ განვვითარდები“, – ამბობს 24 წლის გვანცა კვინიკაძე. გვანცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. ის სოფელ ქვებში დაიბადა და გაიზარდა. სკოლაში დიდ მანძილზე ფეხით დადიოდა. ცხრა კლასის დასრულების შემდეგ მისი სკოლა დაიხურა. გვანცამ ქართული ფილოლოგიის ბაკალავრის დამთავრების შემდეგ სტაჟირება კერძო სკოლებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში გაიარა, მაგრამ ახლა კვლავ სამსახურის ძიებაშია.
„განვითარების პერსპექტივა არ არსებობს და ახალგაზრდები ხარაგაულიდან ამიტომ მიდიან, ჩემს სოფელში ამბულატორიაც კი არ ფუნქციონირებს. ყველას საკუთარი კუთხე უყვარს. თუ ის პირობები იქნება, რაც მჭირდება, სოფელში სიამოვნებით დავბრუნდებოდი და ჩემს ცოდნას ჩემი სოფლის მცხოვრებლებს გავუზიარებდი“, – გვითხრა გვანცა კვინიკაძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის მონაცემებით, უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება. ამავე მონაცემების მიხედვით, რეგიონულ ჭრილში იმერეთში უმუშევრობის დონე 11.6%-ს აღწევს.
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სასოფლო ტიპის დასახლებებში მოსახლეობა ყოველწლიურად მცირდება, რაც ზოგადად ქალაქი/სოფლის სტრუქტურაზეც აისახება. ბოლო 4 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში 57.7%-დან 58.7%-მდე გაიზარდა.
მოსახლეობის რიცხოვნობა განსაკუთრებით შემცირდა რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის (5.7%), იმერეთის (5%) და სამეგრელო-ზემო სვანეთის (3.7%) რეგიონებში.
რამდენიმე წელია, რაც გიორგი (გია) არევაძე ხარაგაულელ ახალგაზრდებს ასწავლის. ის ძალიან კარგად იცნობს მათ საჭიროებებს და როგორც თავად ამბობს, მუნიციპალიტეტიდან ე.წ. „ტვინების გადინების“ პროცესს, წლებია, აკვირდება. ამ თემაზე მაშინაც ხშირად საუბრობდა, როცა მუნიციპალიტეტში საჯარო სამსახურს – ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს – ხელმძღვანელობდა.
მისი თქმით ე.წ. „ტვინების გადინება“ როგორც ხარაგაულის და მისი მსგავსი მთიანი რეგიონებისთვის, ისე სხვა ქვეყნებისთვისაც დამახასიათებელია. ქალაქში გადასვლა ადამიანების თვითმიზანი არ არის. უბრალოდ, მათ საკუთარი თავის რეალიზების სხვა საშუალება არ აქვთ.
„ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად კომპლექსური გეგმის შემუშავება აუცილებელია. საჭიროა პრიორიტეტები, რომ მუნიციპალიტეტში დარჩენასა და საკუთარი ცოდნის რეალიზებაში ახალგაზრდების ნაწილს მაინც შევუწყოთ ხელი.
ყველა მერიაში ვერ დასაქმდება, ამიტომ ისეთი გარემო უნდა შევქმნათ, რომ ახალგაზრდებს დავეხმაროთ, – ამბობს გია არევაძე, – კარგი იქნება, თუ სესხები მაღალი პროცენტი შემცირდება, შეიძლება მევენახეობის, მეცხოველეობის, მიწათმოქმედების, მსუბუქი მრეწველობის აქტიურად განვითარება. თუნდაც ხუთი ახალგაზრდა რომ დარჩეს მშობლიურ სახლში, ეს უკვე სოფელს გაამაგრებს“.
გია არევაძის შეფასებით, ახალგაზრდების გადინების საკითხში ხარაგაულში უმძიმესი მდგომარეობაა. განსაკუთრებით ძლიერი გადინება ბოლო 30 წლის განმავლობაში დაიწყო, რამაც რიგი სოფლები დააცარიელა. თუ ეს პროცესი გაგრძელდა, ბევრად სავალალო მდგომარეობა იქნება.
თამარ ჩხიკვაძე
გამოყენებულია რამაზ ბლუაშვილის ფოტო
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის 29 აგვისტო
ხარაგაულის სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა სათბობად კვლავ შეშას იყენებს.
ღვერკისა და ხემაღალის მეწყერის სიახლოვეს მდებარე ლაშის საჯარო სკოლა
„სტიქიის ზონაში დაგუბებული მდინარე ყარნებადან წყლის გამოდინება დაიწყო