ენერგეტიკის სამინისტრო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე ბჟოლისხევზე, „მარელისი ჰესი“-ს მშენებლობას გეგმავს. სამინისტრომ, ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „მარელისი ჰესი“-ს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ქართული კომპანია „არჯოლის“ განაცხადის საფუძველზე გამოაცხადა.
„მარელისი ჰესი“-ს დადგმული სიმძლავრე, როგორც ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის 2014 წლის 15 სექტემბრის #97 ბრძანების დანართშია აღნიშნული, 4,6 მვტ იქნება, წლიური გამომუშავება – 19,7 მლნ კვტსთ. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 7 800 000 აშშ დოლარს შეადგენს.
პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადების დასრულების ვადაა არაუმეტეს 12 თვისა ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის დღიდან.

მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების ვადა, ამავე ბრძანების მიხედვით, განისაზღვრება არაუმეტეს 12 თვისა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან; ხოლო ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღების ვადა – არაუმეტეს 18 თვისა მშენებლობის ნებართვის საფუძველზე მშენებლობის დაწყების დღიდან.

სს„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორზე“ გასაყიდი ელექტროენერგიის სარეალიზაციო მაქსიმალური ფასი, მინისტრის ბრძანების შესაბამისად, უნდა იყოს 5.5 აშშ ცენტი 1 კვტ/სთ.

ლაურა გოგოლაძე