მეორე კვირაა, რაც საგარეუბნო მატარებელმა – ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონი – მგზავრთა გადაყვანა განაახლა.

ეს ერთადერთი ხელსაყრელი ტრანსპორტია ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობისა და ამ სოფლებში დასაქმებულთათვის.

საგარეუბნო მატარებლის დანიშვნის მიუხედავად, ხაშურიდან, ზესტაფონიდან და ხარაგაულიდან წიფაში, მოლითში, მარელისში, ვახანსა და ზვარეში დასაქმებული პედაგოგები პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ.

ხაშურში მცხოვრები მასწავლებლები, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, თბილისი-ოზურგეთის მატარებლით ხაშურამდე ერთ ლარად მგზავრობდნენ და ეს ე.წ. „ფეხზე დგომის“ ბილეთი იყო. კორონავირუსის პანდემიის გამო, „საქართველოს რკინიგზამ“ ამ საქალაქთაშორისო მატარებელზე ერთლარიანი ბილეთების გაყიდვა აკრძალა და ახლა ზესტაფონი-ხაშურის მიმართულებით ყველა სადგურამდე ბილეთი შვიდი ლარი ღირს.

მასწავლებლებს თვეში საშუალოდ 200 ლარამდე თანხის დახარჯვა გზაში მოუწევთ.

ზესტაფონიდან და ხარაგაულიდან მასწავლებლები დილით სკოლებამდე ქუთაისი-თბილისის მატარებლით მგზავრობდნენ. ამ დრომდე უცნობია, განახლდება თუ არა ამ მატარებლის მოძრაობა.

მარელისის სკოლის დირექტორი ვერა ოდიკაძე ხარაგაულის თვითმმართველობისგან ითხოვს, რომ ხარაგაულიდან მარელისამდე დილით მასწავლებლების მგზავრობისთვის მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნოს.

ხაშურელი მასწავლებლები კი მგზავრობის თანხის დაფინანსებაში შეხიდებისათვის პროფკავშირს მიმართავენ.

განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი სებისკვერაძე  მიიჩნევს, რომ მგზავრობის თანხის დაფინანსება მნიშვნელოვანია ყველა პედაგოგისთვის, ვისაც სკოლებამდე მგზავრობა უწევს.

„ჯერჯერობით, ჩემთვის არავის მოუმართავს, – ამბობს ლალი სებისკვერაძე, – დაიწყოს სასწავლო წელი და უფრო კარგად გამოიკვეთება ამ კუთხით პედაგოგების საჭიროებები. ორგანიზაციის შემოსავლებიდან პედაგოგთა ტრანსპორტირების დაფინანსების შესაძლებლობა არ გვაქვს. თუმცა, მასწავლებლების მოთხოვნის შემდეგ ამ საკითხს ხარაგაულის თვითმმართველობის წინაშე აუცილებლად დავაყენებ“.

ნინო კაპანაძე